საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
8 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის, სადაც კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ერთ დღე-ღამეში covid-19-ით დაავადების რეკორდული რაოდენობა, 38 ახალი შემთხვევა, 2 სექტემბერს გამოვლინდა.
45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონა გახდა და ქვეყნის მასშტაბით “დაავადებამ მიიღო ინტენსიური გავრცელების სახე და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება.”
8 სექტემბერს დაფიქსირებული კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 3 ბათუმის საკონდიტრო კაფე-მაღაზიის – “დონას” კლასტერია, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 – “ავერსის” კლინიკის სამედიცინო პერსონალია, 4 – შემოტანილი შემთხვევაა, მათგან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 12 ადამიანს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ამ დროისთვის 3 ადამიანის დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
• აფხაზური სოფლის მოსახლეობა, რომლის მკვიდრიც კორონავირუსით გარდაიცვალა, კარანტინს აპროტესტებს
• რამდენს კარგავს საქართველო კორონავირუსის გამო? საგარეო ვაჭრობა პანდემიის დროს – ციფრები
“ამ 45 დადასტურებული შემთხვევიდან 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს, ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში,” – ამბობს ეზუგბაია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აჭარა უკვე წითელ ზონად ითვლება, ამ ეტაპზე რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.
“იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. კერძოდ, ეს არის რეკომენდაციის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება”, – ამბობს ეზუგბაია.
8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.