"შერიგების დასაწყისი" - საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრები საახალწლო მიღებაზე მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები 16 დეკემბერს, ორბელიანის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე მიიწვია. პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო.
პრეზიდენტის განმარტებით, მან აიღო ვალდებულება და ეს არის შერიგების პროცესის დაწყება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება:
“ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის.”
ზურაბიშვილის მოწვევას არ იღებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი იქნება თუ ოპოზიცია მიპატიჟებას მიიღებს.
“ვინაიდან ეს არის კლასიკური ტიპის საახალწლო მიღება, მადლობა მათ მოპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როდესაც შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ”, – თქვა მელიამ.
დღეს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპატრიარქოში პირისპირ შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც ილია მეორეს კურთხევა სთხოვა.
შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია მეორე და ეკლესიაც დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, “მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”.
● სააკაშვილი, სასამართლო და პანდემია – რა თქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე
● საქართველოს პრეზიდენტი: აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები
● საქართველოს პრეზიდენტი: ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის – არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
“თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია. ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება”, – თქვა ზურაბიშვილმა.