საქართველოს პრეზიდენტი: აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზური ენის დღესთან [27 ოქტომბერი – JAMnews] დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსული ოკუპაციის გამო აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები:
“ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.”
პრეზიდენტის თქმით, დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გალში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება. ზურაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.
“არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება”, – აცხადებს პრეზიდენტი.
● მოსაზრება: რატომ შეიძლება აფხაზეთში ზოგისთვის რაღაცის გაკეთება, სხვებისთვის კი არა?
● საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე
● ფოტოარქივი. სოხუმის დაცემის დღე, ქართველები ტოვებენ აფხაზეთს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს გამართულ პროფესორთა საბჭოს სხდომაზე ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა კავკასიური ენების შესწავლის სამეცნიერო მნიშვნელობაზე.
თსუ-ს დამფუძნებელი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ კავკასიური ენების, მათ შორის, აფხაზური ენის შესწავლას გარდა დიდი სამეცნიერო მნიშვნელობისა, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
1918 წელს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზური ენის სწავლებისთვის მოიწვიეს პეტრე ჭარაია, 1925 წლიდან კი ამ მისიას ასევე დიდი მეცნიერები დიმიტრი გულია და სიმონ ჯანაშია აგრძელებდნენ.
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ნანა გაფრინდაშვილის თქმით, უნივერსიტეტი სთავაზობს აფხაზ ახალგაზრდებს თსუ-ში აფხაზური ენის სწავლასა და კვლევაში ჩართვას.