საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება.
მისივე თქმით, მეტი კონტროლია სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, რომლებიც რჩებიან ქვეყანაში და აუცილებელია, რომ “რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის”, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა არის პროვოკაცია, რომელიც საზოგადოების მხრიდან დიდ რეაქციას გამოიწვევს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი დათმობებს დათმობებით არ პასუხობს.
“საზოგადოებას კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ისტორიაზე და ყველა მაგალითზე რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასდროს პასუხობს დათმობით, პასუხობს იმით, რაც გაართულებს მდგომარეობას, ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ხელისუფლებას რომ მოუსმინოს “ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას”:
“დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებით არის ერთიანი. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს სტატუსის მიღებას, ეს ეწინააღმდეგება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს, ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.