საქართველოს პრეზიდენტი: თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს
არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს.
პრეზიდენტის განმარტებით, პროცესის დასაწყისი არაა პარტიების შერიგება, რადგან მას ამის “არც ბერკეტი აქვს და არც ძალა” და გამოთქვამს იმედს, რომ ყველა პარტია და ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტი ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
“წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
● სააკაშვილი, სასამართლო და პანდემია – რა თქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე
● საქართველოს პრეზიდენტი: აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები
● საქართველოს პრეზიდენტი: ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი
10 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის – არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ოპოზიციის წევრებს წინასაახალწლო მიღებაზე მოსაწვევები გაუგზავნა და აიღო ვალდებულება, რომ დაეწყო შერიგების პროცესი. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება.
იმავე დღეს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპატრიარქოში პირისპირ შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც ილია მეორეს კურთხევა სთხოვა.
შეხვედრაზე უკვე იყო საქართველოს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და მმართველი გუნდის ყოფილი წევრებიც – მათ შორის თამარ ჩუგოშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით – რომელიც პრეზიდენტს შეხვდა – სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ზოგადად, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, “რომელიც დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის განვითარებას.”
ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს “არა და არასდროს შეიწყალებს.”