საქართველოს პრემიერმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა
საქართველოს პრემიერი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებზე
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ამ სამხედროების ნაწილი იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში. მისივე თქმით, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე პრემიერის გადადგომის მოთხოვნები მიუღებელია.
“მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა. ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხოლო კითხვაზე, თუ რატომ დაიგვიანა ხელისუფლებამ დაღუპულ მეომრებზე სამძიმარი, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია”.
დაღუპულ მეომრებზე გმირობის მინიჭების საკითხზე კი პრემიერმა თქვა, რომ “მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ”.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რეგიონსა და ევროპაში ვითარება არაპროგნოზირებადია, მთავრობის გადადგომა არ უნდა მოითხოვო.
უკრაინის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციებზე, რომელიც თბილისში რუსეთის შეჭრის პირველი ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა რამდენჯერმე გაისმა, ვინაიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და რომ “ომი უკრაინაში მიმდინარეობს”.
● ევროკავშირის წევრობის განაცხადის შემდეგ რა პროცედურებს გადის ქვეყანა
● რა წერია შარლ მიშელის ახალ გეგმაში – ხუთივე პუნქტი მოკლედ
● საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. რას ნიშნავს ეს
უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა – რუსეთიდან გავიდნენ ცნობილი ბრენდები, მათი თვითმფრინავებისთვის დაიხურა ცა ევროპის თავზე, მოქალაქეებს შეუწყდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ვერ იყენებენ ბარათებს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს კი დაუყადაღეს ქონება ევროპაში და ჩამოართვეს ძვირადღირებული იახტები. ქვეყანა ამჟამად ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას.
თუმცა საქართველო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. მეტიც – რუსეთმა, მოლაპარაკების შედეგად, ქართულ საწარმოებს რძის პროდუქტების ექსპორტის ნება დართო. ამ ინფორმაციამ რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში ოპოზიციის და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისმა საყვედური კიევისგანაც მიიღო, სადაც საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ამგვარ განვითარებას “ზურგში დანა” უწოდეს.
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 3 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა, ხოლო 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.