საქართველოს პარლამენტის წევრი, უკანონო მოსმენების გამო, დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
სამთავრობო ტელეკომპანია “იმედი”, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების უკანონო აუდიოჩანაწერებს ავრცელებს, სადაც საუბარია ხელისუფლების ძალადობით შეცვლასა და შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე.
● ირაკლი კობახიძის თქმით, მან სუს-ს მიაწოდა ინფორმაცია “რევოლუციური სცენარის” შესახებ
ტელეკომპანია უკრაინული გამოცემის, obozrevatel-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეყრდნობა.
ჩანაწერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის და პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” სიის მეთქევსმეტე ნომრის, გუბაზ სანიკიძის საუბრებია მოცემული.
ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ყოფილი ელჩი, სალომე სამადაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე “იმედის” მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას გამოეხმაურა.
სამადაშვილი წერს, რომ მასზე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ამის შესახებ ინფორმაცია ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელსა და ვაშინგტონს მიაწვდის.
თავად ჩანაწერს კი “უნიჭო კომპილაციას” უწოდებს.
“დიდი ძმა გვისმენს – ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრიუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)” – წერს სალომე სამადაშვილი.
● რა გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას, რომელიც არ ცნობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს?
● საქართველოში სულ უფრო მეტ მოქალაქეს ფარულად უსმენენ
პირველ აუდიოჩანაწერზე, რომელსაც სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს, მათი ინფორმაციით, ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ფიგურირებენ.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში განიხილება სამოქმედო გეგმა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ძალადობრივი გზით ჩამორთმევის მიზნით.
ხოლო მეორე ჩანაწერში, მათივე ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი საუბრობს შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ვის ესაუბრება, იდენტიფიცირებული არ არის.
ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამ ეტაპზე უცნობია.