საქართველო: შარშანდელთან შედარებით ხილი 45 პროცენტით გაძვირდა. ფასები გაიზარდა სხვა პროდუქტებზეც
საქართველოში მნიშვნელოვნად გაძვირდა საკვები პროდუქტები გასულ წელთან შედარებით.
„საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაძვირდა:
● ხილი 45 პროცენტით,
● ბოსტნეული 14.1 პროცენტით,
● რძის ნაწარმი 23 პროცენტით,
● ხორცპროდუქტები 15 პროცენტით,
● შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 16.9 პროცენტით,
● პურპროდუქტები კი 8.4 პროცენტით,
● ზეთი და ცხიმი 11.0 პროცენტით.
საკვების გარდა, გაძვირდა სხვა პროდუქტები და მომსახურებებიც. როგორც საქსტატი წერს, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც გაიზარდა ფასები – საშუალოდ 4.9 პროცენტით.
___________________________
საქართველოში პენსია 220 ლარია.
საარსებო მინიმუმი 206 ლარი.
უმუშევრობის დონე 11.6 პროცენტი (სულ ქვეყანაში 1 მილიონ 911 ათასი ეკონომიკურად აქტიური ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 221 ათასზე მეტი ადამიანი ანუ 11.6 არ მუშაობს). ეს ოფიციალური ციფრია, თუმცა რეალურად იგი გაცილებით დიდია, ამბობენ ექსპერტები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 20.1 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობს (2018 წლის მონაცემები)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობის გათვლებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოში დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება.