ყარაბაღის ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ერევანში სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა
19 დეკემბრიდან, სომხეთში, ყარაბაღის მეორე ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამდღიანი გლოვა ცხადდება. ეს არის ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან მეორმოცე დღე და ხელისუფლებამ ადრევე განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავარი მოედნიდან სამხედრო პანთეონ „ერაბლურის“ მიმართულებით „სამგლოვიარო მსვლელობას“ გეგმავს.
ოპოზიცია, რომელიც ზავის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს, აქაც გამოეყო ხელისუფლებას. ოპოზიციის ლიდერების მიერ ორგანიზებული სამგლოვიარო მსვლელობა სამდღიანი გლოვის დაწყების წინა საღამოს გაიმართა.
17-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ მოსახლეობას მათთან შეერთებისა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის კიდევ ერთხელ მოთხოვნისკენ მოუწოდა. მათ ის „მოღალატედ მიაჩნიათ, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანს“.
საპროტესტო აქცია, რომლის ათასობით მონაწილეც ოპოზიციის მოთხოვნებს შეუერთდა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე ხელმოწერისთანავე დაიწყო.
მაგრამ დღევანდელი ღონისძიების დროს პოლიტიკური მოწოდებები არ ისმოდა. მსვლელობის მონაწილეებმა სანთლებითა და კელაპტრებით ხელში მდუმარედ გაიარეს ერევნის ქუჩები და სამხედრო პანთეონ „ერაბლურამდე“მივიდნენ. ამავდროულად, მხოლოდ ომში დაღუპულთა სახელებს კითხულობდნენ.