სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა გააქტიურდება?
სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავიდ ტონოიანი მოსკოვში გაფრინდა და „საერთაშორისო არმიის თამაშები-2020“-ის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრებმა მოკავშირეობის კონტექსტსა და სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. კერძოდ, საუბარი იყო 2020 წლის ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ვითარების გამწვავების შემდეგ, რეგიონში სამხედრო მდგომარეობის შესახებ.
ტონოიანი-შოიგუს შეხვედრის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა „შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზე“.
ამ მოლაპარაკებების მეორე დღეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსეთის „გაერთიანებულმა ავიასამშენებლო კომპანიამ“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული რუსული თვითმფრინავების მოდერნიზაციისა და გარემონტების შესახებ.
● მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმზე ფაშინიანი არ ჩავა. უარი თქვეს სხვა ლიდერებმაც
რა არის „საერთაშორისო არმიის თამაშები 2020“
ღონისძიება უკვე მეექვსედ იმართება. ის 23 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. „თამაშების“ მსვლელობის დროს, დაგეგმილია 30 საერთაშორისო კონკურსი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 90 ქვეყნის სამხედროები მიიწვია, ნატოს ბლოკის ქვეყნების ჩათვლით.
კონკურსების ძირითადი ნაწილი რუსეთში ჩატარდება, 6 ღონისძიება დაგეგმილია სხვა ქვეყნებში – მათ შორის, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში. სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარდება სამხედრო-პროფესიული უნარების კონკურსი „მშვიდობის მებრძოლი“.
შეთანხმება სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაკარ გამბარიანმა და „გაერთიანებული ავიასამშენებლო კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ილია ტარასენკომ.
შეთანხმების თანახმად, „გაერთიანებული ავიასამშენებლო კომპანია“ გააგრძელებს იმ რუსული წარმოების ავიატექნიკისა და თვითმფრინავების მოდერნიზაციასა და რემონტს, რომლებიც სომხეთის სამხედრო საჰაერო ძალების არსენალშია. კერძოდ, საუბარია მოიერიშე სუ-25-ებზე.
ეს არის ჯავშნიანი ზებგერითი სამხედრო თვითმფრინავი, რომლის დანიშნულებაც ნებისმიერ პირობებში, სახმელეთო ჯარების მხარდაჭერაა.