აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა “ქართული ოცნების” ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოცემა globalnews.ge-ს შეკითხვას უპასუხა.
გამოცემამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შეხვედრასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვა დაუსვა:
“მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მმართველი პარტიის პრემიერთან პირველი შეხვედრები გაიმართა. შეგიძლიათ ამ შეხვედრის დეტალები გაგვიზიაროთ, რა ძირითადი საკითხები განიხილეთ და ასევე, რა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია შეხვედრისას?”.
რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა:
“დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით.” — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
“ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს 24 აპრილს შეხვდა. ინფორმაცია თავად დავითაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა, თუმცა მათ არ გაუვრცელებიათ თავად ჯოშუა ჰაკის ფოტო შეხვედრიდან.
პრესრელიზის თანახმად, მან ჯოშუა ჰაკთან „ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა”. პრესრელიზში ასევე წერია, რომ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ ჯოშუა ჰაკი აქტიურად აკრიტიკებდა “ქართული ოცნების” ქმედებებს.
2024 წლის ივლისში, საქართველოში პირველი რუსული კანონის მიღების შემდეგ ჯოშუა ჰაკმა კონგრესში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც “ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს”.
ჯოშუა ჰაკმა იმავე სხდომაზე ილაპარაკა “ქართული ოცნების” დეზინფორმაციულ კამპანიაზე, ასევე, სანქციებზე, რომელიც აშშ-მა “მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტის წევრებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუწესა”.
მანამდე, 2 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა globalnews.ge-ს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციაზე წერილობით უპასუხა.
“რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ პასუხში.