სახალხო დამცველი: მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ომბუდსმენი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. ასევე, ნინო ლომჯარიას თქმით, მას ეფექტური და დროული გამოძიების იმედი აქვს.
“ჯერ-ჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც“, – წერს სახალხო დამცველი.
ასევე, ის მადლობას უხდის მაშველებს: “თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!”
ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად 9 ადამიანია გარდაცვლილი. შენობის ნანგრევებიდან სულ ამოყვანილია 10 ადამიანი – 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 8 – გარდაცვლილი.
ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. ერთი გადარჩენილი კაცი კი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილია 9 ადამიანი. მისივე თქმით, “არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება”.