საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და მასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეადარა ანდერს ბრეივიკს, ტერორისტს, რომელმაც 2011 წელს კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში 77 ადამიანი მოკლა და 150-მდე დაჭრა.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას ოსლოში, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად გადასცეს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის, სიურ ლინდებრეკეს პრემია ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.
უწყების განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განხცადებაში წერია, უწყებაში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.
მათივე განმარტებით, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
“როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.