ღარიბაშვილმა სააკაშვილი ტერორისტ ბრეივიკს შეადარა
ღარიბაშვილმა სააკაშვილი ბრეივიკს შეადარა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეადარა ანდერს ბრეივიკს, ტერორისტს, რომელმაც 2011 წელს კუნძულ უტოიას ახალგაზრდულ ბანაკში 77 ადამიანი მოკლა და 150-მდე დაჭრა.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას ოსლოში, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად გადასცეს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის თანადამფუძნებლის, სიურ ლინდებრეკეს პრემია ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის.
● “მეხუთე კოლონა” და “უკრაინიზაციის გეგმა” – რა თქვა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა
● ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველო-მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების სანქცირებას ითხოვენ – POLITICO
● “მხარს ვუჭერთ ანგარიშის შინაარსს” – სახდეპი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
“ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?!. ეს ხომ წარმოუდგენელია?!.
არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა… ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე… ჩემთვის იგივეა…” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სააკაშვილისთვის გადაცემულ პრიზს გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც.
“კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები… ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა,” – განაცხადა წულუკიანმა.