საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
გაზიარება
გაზიარება
საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, შეეჩერებინათ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ მაინც გაამწესა.
ეს გადაწყვეტილება არღვევს შარლ მიშელის დოკუმენტსაც, რომელშიც წერია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ამ პუნქტის შესახებ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა.
დღეს დანიშნული მოსამართლეები არიან:
გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 – წინააღმდეგი;
ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 – წინააღმდეგი;
რევაზ ნადარია – 77 მომხრე, 6 – წინააღმდეგი;
ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 – წინააღმდეგი;
ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 – წინააღმდეგი;
პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 3 კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, ეკა ზარნაძეს და გიორგი შავლიაშვილს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს.
“ქართულ ოცნებასთან” ერთად კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია – პარტია “ევროპელი სოციალისტები”, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური – პარტია “საქართველოსთვის”, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი – “მოქალაქეები.”
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივლისს გადაუგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია საუბრობენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლებას ექვემდებარება და მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
“სასამართლო კლანი” მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კლანი ახშობს კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე, როგორც იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 26 მაისს გამართულმა კონფერენციამაც, სადაც მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენცია აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
კონფერენციას მაშინაც წინ უძღოდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების და ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკა, რომელმაც საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესი “კლანის მიერ თადარიგის დაჭერად” შეაფასა და განაცხადა, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება. არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.