სააკაშვილის გამო საქართველოში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა, ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ საქართველოს განადგურებას მშვიდად ვერ უყურებს და ის ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ, საარჩევნო პროცესში ჩარევაა, რის გამოც საქართველოში უკრაინის ელჩს განმარტების გაკეთება მოუწევს.
მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დღეს, 11 ივნისს გაავრცელა.
ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტი ამბობს:
“კორონავირუსი ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თავის გასამდიდრებლად და ხალხის საბოლოოდ გასაღატაკებლად.
მე არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. მე არ ვაპირებ ხელჩამოშვებულმა ვუყურო ქართველი ოჯახების განადგურებას და ქვეყნიდან განდევნას.
რა თქმა უნდა, მე ვარ ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას.
ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ადგილების გაყოფის დრო, არც ახლაა და არც მომავალში არ დადგება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენ ხალხს დავეხმაროთ, ყველა უნდა დავდგეთ ერთად. მე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ვიქნები ამ ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე. წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები,
მთელი დარჩენილი ცხოვრება ივანიშვილის ჰესებზე,
ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით თავისუფალი ქვეყნის ამაყი, წელში გამართული მოქალაქეები.
წელს ან საბოლოოდ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს! ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, ვემზადებით გამარჯვებისთვის…!”
- მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
- უკრაინული მიშა
- ბრიყვული და სამარცხვინო – ასე აფასებენ ექსპერტები თბილისის რეაქციას სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე უკრაინაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინის ელჩს საქართველოში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ და მას მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო განმარტებას მოსთხოვენ.
„სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენ უკრაინელ კოლეგებს… სწორედ ამ მიმართულებით იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.
“მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის…
მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს,” – წერს ის საკუთარ პოსტში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს დანიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციისთვის თბილისში გამოიძახეს.