საქართველოს პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს და არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ჩინოვნიკების დაკავებას გამოეხმაურა.
“ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი – რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ბაბაიანი, რომელიც აქტიურად ავითარებდა ყარაბაღის ურთიერთობებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“. დღეს ზემოხსენებულმა ოკუპირებულმა ტერიტორიებმა დაკარგეს პარტნიორები, ვინაიდან ე.წ. „არცახმა“ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა,” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე.
ამის შემდეგ სააკაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინელი მებრძოლები უკრაინაში საქართველოს საქმეს აკეთებენ:
“ამასობაში, უკრაინელებმა ჯერ მოკლეს 58-ე არმიის მეთაური, გენერალი (ეს ის 58-ე არმიაა, რომელიც 2008-ში შემოიჭრა ჩვენთან) და ამასწინათ, მძიმედ დაჭრეს მისი მეორე მეთაური, ასევე დონბასში გაანადგურეს სამხრეთ ოსური ბატალიონი და ათეულობით აფხაზი. მოკლედ, ყველა ჩვენს საქმეს აკეთებს ჩვენ გარდა. სულ ტყუილად გვგონია, რომ ასე უბილეთოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას დაძრულ გეოპოლიტიკურ მატარებელში და რომელიმე მკვეთრ მოსახვევზე ამ მატარებლიდან არ გადმოვვარდებით”.
სააკაშვილის აღნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე “უნიკალური შესაძლებლობები იხსნება და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ”.
“მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ამ ურთულეს დროს ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს თავისი კონკრეტული დატვირთვა და ეს მიზანი ბოლომდეა მისაყვანი. ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ევროპაში სრული ეროვნული სხეულით შესვლაა,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუკზე.
1 ოქტომბერს ორი წელი შესრულდა, რაც სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელსაც მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღიარებს, არსებობას 2024 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტს. ამის შესახებ დღეს არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა განაცხადა.
შაჰრამანიანის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ მძიმე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, სეპარატისტულმა რეჟიმმა, რუსული კონტინგენტის შუამავლობით, მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაადგილება ყარაბაღის მაცხოვრებლებისთვის, მათ შორის სამხედროებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს.