“Ryanair“-თან ერთად ევროპაში: სომხეთში პირველი ევროპული ლოუკოსტერი გაჩნდა
ირლანდიურმა ავიაკომპანია-ლოუკოსტერმა Ryanair-მა სომხეთის ბაზარზე მუშაობის დაწყების შესახებ განაცხადა. პირველ იაფ რეისებს ერევნიდან რომსა და მილანში ეს საბიუჯეტო ავიაკომპანია 2020 წლის იანვრიდან განახორციელებს. ამის შესახებ Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაიენმა 16 ოქტომბერს ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ო’ბრაიენის თქმით, ლოუკოსტერი ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას აპირებს, თუმცა კომპანიას რუსული მიმართულებები ნამდვილად არ აინტერესებს.
• რუსული ლოუკოსტერი სომხეთის აეროპორტ „შირაქზე“ ბრუნდება.
• ბევრი მომხიბლავი პროექტი სამომავლოდ, ნაკლები კარგი ამჟამად – სომხეთის სამოქალაქო ავიაციის შესახებ
ფრენების გეოგრაფია და ფასები
იტალიური ქალაქების გარდა, 2020 წლის ზაფხულიდან ერევნიდან საბიუჯეტო ფასებით შესაძლებელი იქნება ასევე ბერლინში ფრენა.
გარდა ამისა, ო’ბრაიენის თქმით, ევროპაში ფრენა ახლა არამხოლოდ დედაქალაქის აეროპორტიდან იქნება შესაძლებელი, არამედ სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიდანაც.
ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი ასევე ფრენების საფასო პოლიტიკას შეეხო:
„ყველა დაგეგმილი მიმართულებით ბილეთების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება, საშუალოდ – 35 ევრო“.
JAMnews ფასების შედარებისთვის ახლა შეეცადა 24 ოქტომბრისთვის ონლაინ შეეძინა ერევანი-რომის მიმართულებით ბილეთი. ბილეთი ერთ მგზავრზე ერთი მიმართულებით ამჟამად დაახლოებით $280 ჯდება.
ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ფრენების გეოგრაფია მუდმივად გაფართოვდება, მაგრამ Ryanair რუსეთში არ იფრენს.
ახალი მიმართულებები „ჰაერის გადასახადისგან“ გაგვათავისუფლებს
სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ტატევიკ რევაზიანმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალი მიმართულებები „ჰაერის გადასახადისგან“ გათავისუფლდეს.
ის სომხეთის ხელისუფლებამ 2008 წლის ბოლოს სახელმწიფო საბაჟო გადასახადში შეიტანა.
გადასახადის შემოღების შემდეგ სომხეთიდან გაფრენის მსურველი ყველა მგზავრი 10 ათასი დრამის (დაახლოებით$20) ოდენობის „ჰაერის გადასახადით“ იბეგრება. თანხა შედის ბილეთის ყველა მფლობელის გადასახდელ ფასში, გარდა:
• 12 წლამდე ბავშვებისა;
• ტრანზიტული მგზავრებისა;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ინვალიდების და ვეტერანებისა და მასში დაღუპულთა ქვრივებისა;
• სომხეთის ეროვნული გმირებისა და საბჭოთა კავშირის გმირებისა.
სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ გადასახადის შემოღება მცდარი გადაწყვეტილება იყო, და სომხეთის ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების გაჩენას უშლის ხელს:
„ჩემი აზრით, სომხეთში ავიაბილეთების მაღალი ფასის გათვალისწინებით, მომსახურებისა და გადასახადების ფასმა მაქსიმალურად უნდა დაიკლოს, კერძოდ, ეს გადასახადი უნდა გამოირიცხოს“.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში „ჰაერის გადასახადისგან“ სწორედ ეს მიმართულებები თავისუფლდება და არა რომელიმე ავიაკომპანია.
ამასობაში რუსული ლოუკოსტერი „პობედა“ ფასებს ზრდის
2016 წლის დეკემბრიდან აქამდე სომხეთში მხოლოდ რუსული ლოუკოსტერი „პობედა“ მუშაობდა.
ახლა კომპანიამ გამოაცხადა, რომ უცხოეთის აეროპორტებიდან რუსეთში ფრენების ფასს 40%-ით გაზრდის. „პობედას“ წარმომადგენელმა ელენა სელივანოვამ განმარტა , რომ გასულ ზამთარს საერთაშორისო ხაზებზე ერთი მიმართულებით ბილეთის საშუალო ფასი 4500 რუბლს შეადგენდა (დაახლოებით, 33 ათასი დრამი, ან 62 ევრო). ახლა ამ თანხას კიდევ 25 ევრო დაემატება.
სელივანოვას თქმით, ეს გაძვირება უკავშირდება მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ავიაკომპანიებს მგზავრებისთვის აეროპორტების დახლებზე 25 ევროს ოდენობის რეგისტრაციის თანხის გამორთმევა აკრძალა.
„რუსეთში დახლთან რეგისტრაცია ცალკე მომსახურებას არ წარმოადგენს და მისი ფასი აეროპორტის საერთო მოსაკრებელში და ბილეთის ფასში შედის. მაგრამ უცხოურ აეროპორტებში მოსაკრებელი სეგრეგირებულია, მგზავრები დახლთან რეგისტრაციისთვის ავიაკომპანიებს ცალკე უხდიან“, – განმარტა რუსული ლოუკოსტერის წარმომადგენელმა.
ფასები უკვე 28 ოქტომბრიდან გაიზრდება.