მსხვილი რუსული ონლაინმაღაზია Ozon საქართველოში იწყებს ოპერირებას
რუსული ონლაინ-მაღაზია Ozon საქართველოში
მსხვილი რუსული ონლაინმაღაზია Ozon საქართველოში ოპერირებას იწყებს. ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი), ასევე, პატარა ქალაქებში (ხაშურში, ბორჯომში, ამბროლაურში, ონში და ა.შ.).
Ozon-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრებლებს სხვადასხვა კატეგორიის 50 მილიონზე მეტი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. მათი განმარტებით, მიწოდებას პირველ ეტაპზე 14 დღე დასჭირდება, შეკვეთის მიღებას კი კლიენტები სახლთან ახლოს, პარტნიორების ოფისებში ან კურიერით შეძლებენ.
“ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და მოხარული ვართ, რომ დღეიდან მათ საქართველოში მცხოვრებლებიც შეუერთდებიან. ქვეყნის მაცხოვრებლების ნდობის მოსაპოვებლად, ჩვენ შევთავაზებთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და მოხერხებულ მიწოდებას“, – თქვა ალექსეი საპონმა, დსთ-ში Ozon-ის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.
2022 წლის აპრილში Ozon-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ შულგინი ევროპული სანქციების სიაში შეიყვანეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შულგინის წინააღმდეგ საქნცეიბი მოხსნილიყო.