გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ქართველებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და არა – პუტინის რუსეთში.
“შემოთავაზებული უცხოური აგენტის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. დამოუკიდებელი + კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება ხალხის მტერი კი არ არის, არამედ ევროკავშირში გაწევრების პირობაა. „ქართულმა ოცნებამ” ხალხს უნდა მოუსმინოს: ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრება და არა პუტინის რუსეთში.” – წერს მაიკლ როთი.
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიციირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგუმენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიციირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.