12 ივნისს, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოში, რუსეთის დღისადმი მიძღვნილი გალა მიღება გაიმართა, რომელზეც მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მისი სატელიტი ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ მიწვეული. ზეიმზე ოპოზიცია არ მიიწვიეს, რუსეთის ელჩი კი ამას იმით ამართლებს, რომ ოპოზიცია რესპუბლიკისთვის უმნიშვნელო „მარგინალებისგან შედგება“.
რუსეთის დღის აღნიშვნა საელჩოში ტრადიციულად ყოველწლიურია და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორგანიზატორებმა ოპოზიციის იგნორირება მოახდინეს. ამაზე ყურადღება ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა „რესპუბლიკამ“ გაამახვილა.
პოსტს გამოეხმაურა მომხმარებელი მეტსახელად “მიხაილ”. არხის ცნობით, ეს სხვა არავინაა, თუ არა რუსეთის ელჩი მიხაილ შურგალინი.
უპირველეს ყოვლისა, შურგალინმა არხის ავტორებს ურჩია, რომ დასკვნები თავიანთთვის “შეინახონ”, რადგან ისინი (მისი აზრით) არავისთვის არ არის საინტერესო. ხოლო სხვა მომხმარებლების კითხვაზე, თუ რის საფუძველზეა შედგენილი ღონისძიებაზე მოწვეული პოლიტიკური ორგანიზაციების სია, მან უპასუხა, რომ მთავარი კრიტერიუმი იყო „მათი მნიშვნელობა რესპუბლიკისთვის“.
და ბოლოს, “მიხაილმა” სავარაუდოდ – შურგალინმა განმარტა, თუ რას გულისხმობს იგი:
“პოლიტიკურ ორგანიზაციებად მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი ძალები შეიძლება ჩაითვალოს. ყველა დანარჩენი მარგინალურია.”
ოპოზიციამ ამ ფაქტზე ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ელჩის კომენტარების არც ფორმა და არც შინაარსი არ შეესაბამება აფხაზეთსა და რუსეთს შორის დამკვიდრებულ ურთიერთობებს, დიპლომატიურ ეტიკეტს და თუნდაც წესიერების მარტივ სტანდარტებს.
„ასეთი განცხადებები საშინაო საქმეებში ჩარევას ჰგავს, რის გამოც მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციის ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში საჯარო განცხადება გააკეთოს.“ – აცხადებენ ექვსი ოპოზიციური ორგანიზაცია (ორი პარტია, სამი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ვეტერანთა მოძრაობა).
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში არის არა პარტიული, არამედ მაჟორიტარული სისტემა, ანუ პარტიები, როგორც ასეთი, საერთოდ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო