“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება აღნიშნავს, რომ დიქტატორული რეჟიმის მსგავსად, ხელისუფლება თავისუფალი სიტყვისა და ხელოვნების გაჩუმებას ცდილობს.
პროტესტში აქტიური ჩართულობის პარალელურად, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. დავით დოიაშვილი და ახალი თეატრის მსახიობები აქტიურად ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 23 იანვარს მათ მანიფესტი წარადგინეს, სადაც დოიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გადიოდა.
გიორგი რუხაძე: “როდესაც დიქტატურის დამყარების პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში და ავტოკრატიის კონსოლიდაცია ხდება, მთავარი პრობლემა არის თავისუფალი აზრი და თავისუფალი ადამიანი. შესაბამისად, ასეთი თავისუფალი ადამიანები ყველაზე მეტად არიან ხელოვნების სივრცეში.
აქედან გამომდინარე, ამ ტიპის რეჟიმები სწორედ ამას აკეთებენ. ისინი ცდილობენ გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა, გააჩუმონ ნიჭი, ხელოვნება და ეს ყველაფერი დაიმორჩილონ. დარწმუნებული ვარ, აქედან აბსოლუტურად არაფერი გამოვა. ამას აბსოლუტური უკუეფექტი ექნება. ბევრად უფრო მძიმე დარტყმას მიიღებს ამ ნაბიჯით ივანიშვილის რეჟიმი, ვიდრე მას ჰგონია.
ვინ არის თიკა რუხაძე (კულტურის მინისტრი – JAMnews), რომ დოიაშვილს უწყვეტს, სად იმუშაოს, რა გააკეთოს, რა დადგას და რა არ გააკეთოს? მართლა ძალიან მრცხვენია, რომ ამ გვარს ატარებს. ყველაფერი, რაც ხდება, აბსოლუტურად ლოგიკურია და ჯდება მოვლენების განვითარების იმ მიმდინარეობაში, რაც დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს.
რეალურად, ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი ტირანია. არაფერი განსხვავება აღარ არის მასშტაბის გარდა პუტინის რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის, ლუკაშენკოს რეჟიმსა და ივანიშვილის რეჟიმს შორის
ივანიშვილის რეჟიმი ელექტორალურ საკითხებზე აღარ დარდობს, რადგან მიაჩნია, რომ, ამიერიდან, საქართველოში დემოკრატიული გაგებით, არჩევნები აღარ იქნება. შესაბამისად, მას ბევრი გაუნაწყენდება თუ ცოტა, ნაკლებად აინტერესებს. რაც მას ფეხებზე არ ჰკიდია, ეს არის ფული და ძალაუფლება.“