სიღნაღში დანგრეული თაღი, აბასთუმანში დანგრეული მემორიალი, ნაგვით სავსე ქუთაისი. რა ხდება რეგიონებში. დაიჯესტი
რა ხდება საქართველოს რეგიონებში
კახეთში, სოფელ ლაგოდეხში ქალმა ბენზინი გადაისხა
კახეთში, ლაგოდეხში, 70 წლის ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არც ოჯახის წევრებმა და არც ქალის მეზობლებმა არ იციან, რატომ მიიღო ქალმა ეს გადაწყვეტილება. მიზეზის შესწავლა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
ვრცლად: Knews.ge
გორში, სოფელ ტყვიავში, კაცი საკუთარ სახლში დაიწვა
გორში, სოფელ ტყვიავში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 47 წლის კაცი ემსხვერპლა. ცეცხლმა მეზობლების სახლებიც დააზიანა.
რადიო „მოზაიკა“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ხალხი ამას იმაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გარდაცვლილი სიგარეტს ეწეოდა.
ვრცლად: Mozaikanews.ge
სიღნაღში ტრაილერმა ისტორიული თაღი ჩამოანგრია. მძღოლი მხოლოდ 250 ლარით დააჯარიმეს
სიღნაღში დაინგრა ისტორიული თაღი, რომელიც მეფე ერეკლე მეორის დროს იყო აშენებული. თაღს ტრაილერი დაეჯახა. მძღოლი, ამ შემთხვევის გამო, მხოლოდ 250 ლარით დააჯარიმეს.
გამოცემა „კახეთის ხმა“ ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სიღნაღის ციხე- გალავანი, რომლის ნაწილიც იყო თაღი,1762 წელს, მეფე ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებით აშენდა. გალავანი 4 კილომეტრი სიგრძისაა და სიღნაღის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
ვრცლად: Knews.ge
აბასთუმანში დაანგრიეს მეორე მსოფლიო ომის მემორიალი. იმ ადგილზე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია სახლებს აშენებს
სამცხე-ჯავახეთში, კურორტ აბასთუმანში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალი დაშალეს. მის ნაცვლად, ახლა იმ ტერიტორიაზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია საცხოვრებელ სახლებს ააშენებს. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილობრივები ეუბნებიან, რომ მემორიალის ადგილას ადამიანის ძვლებიც იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ადრე იქ ომში დაღუპულთა საფლავებიც იყო.
ადიგენის მერი გამოცემასთან ირწმუნება, რომ მემორიალი „დაზიანებული და უსახური“ იყო და ამიტომ მოანგრიეს,
ვრცლად: Sknews.ge
ადიგენის სკოლის ბუღალტერს 8 წელი მიუსაჯეს 142 629 ლარის მოპარვისთვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ბუღალტერს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სკოლის კუთვნილი თანხის მითვისებისთვის. საუბარია 142 629 ლარზე. საქმის მასალების მიხედვით, ბუღალტერმა ზედმეტად ჩაირიცხა ხელფასი, ასევე, მიითვისა მივლინებისა და საკანცელარიო მასალების თანხები. საქმის მასალებში ჩანს, რომ ეს თანხები ონლაინ კაზინოებში დაიხარჯა.
ბუღალტერი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამავე საქმეზე, პასუხისგებაში მისცეს ამ სკოლის დირექტორიც. მას გულგრილობაში დასდეს ბრალი და ერთი წელი მიუსაჯეს.
ვრცლად: Sknews.ge
თექალოელებს სახელმწიფომ წაართვა ის მიწები, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო
მარნეულში, სოფელ თექალოში მცხოვრებლებმა, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ის მიწები, სადაც მათ პროდუქტი მოჰყავდათ, სახელმწიფომ კერძო პირს გადასცა იჯარით. საუბარია 32 ჰექტარ ფართობზე. ამ მიწებს წლებია ხალხი ამუშავებდა და იჯარის სახით, სახელმწიფოს, ერთ ჰექტარზე 102 ლარს უხდიდა.
რადიო „მარნეული“ წერს, რომ სახელმწიფომ ხალხის საჭიროებები არ გაითვალისწინა, ისე გაასხვისა მიწა. ამის გამო, ადგილობრივებმა 30 ნოემბერს საპროტესტო აქციაც გამართეს. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მაგრამ, მერი ხალხს არ შეხვდა.
ვრცლად: Marneulifm.ge
„ქუჩას რომ სახელი შევუცვალოთ, პუტინი დაგვბომბავს“ – ხაშურში მოსკოვის ქუჩას სახელს არ უცვლიან
ხაშურში, მოსკოვის ქუჩაზე ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ჰგონია, რომ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ომი მოჰყვება. ქუჩისთვის სახელის გადარქმევა ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა იყო. პარტიის წევრებმა ხალხის აზრი იკითხეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კი თქვა, რომ ეშინია.
„როდესაც მიზეზი ვკითხეთ, ასეთი პასუხი გაგვცა, ჩვენ,რომ ეხლა ამ ქუჩას სახელი შევუცვალოთ, პუტინი პირველ ბომბებს ამ ქუჩაზე ჩამოყრისო”, – ამბობს პარტიის წევრი გამოცემა „მოზაიკასთან“.
ვრცლად: Mozaikanews.ge
გორის ჰოსპიტალში ახალ პალატებს იანვრის ნაცვლად ივნისში გახსნიან
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი პალატები დაგეგმილზე ნახევარი წლით გვიან გაიხსნება. კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებს, შეთანხმებულ დროში რემონტის დასრულებას ვერ ასწრებს.
როგორც გამოცემა Qartli.ge წერს, სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად 2023 წლის 1-ელ ივლისს დასრულდება.
ვრცლად: Qartli.ge
საღამოს 7 საათის შემდეგ, მარნეულში ტრანსპორტი აღარ დადის
მარნეულის ერთი ქუჩიდან მეორეში მისვლა ხალხმა საქალაქო ტრანსპორტით საღამოს შვიდ საათამდე უნდა მოასწროს. ამ დროის მერე ავტობუსები აღარ დადის.
კიდევ უფრო რთულია მდგომარეობა მათთვის, ვინც სოფლებში ცხოვრობს. რადიო „მარნეული“ წერს, რომ მუნიციპალიტეტში შემავალ 84 სოფელში ჯამში სულ 21 მარშუტკა დადის. ის ვისაც მარნეულში აქვს საქმე, ტრანსპორტს თუ ვერ მიუსწრებს, იძულებული ხდება ტაქსიში ხუთმაგი ფასი გადაიხადოს. სოფლებში კი ხალხს არც აფთიაქი აქვს, იქ ვერც პენსიას იღებს და ქალაქში ჩასვლა ხშირად სჭირდება.
ვრცლად: Marneulifm.ge
ქუთაისი ნაგავს მიაქვს
გადავსებული, ძირგავარდნილი, ქარისგან წაღებული სანაგვე ურნები ქუთაისისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასეთ დღეშია ქალაქის არამხოლოდ გარე, არამედ, ცენტრალური უბნებიც. ხალხი ჩივის, რომ ნაგვის ურნები სულ გადავსებულია, რადგან ზოგი ქუჩიდან ნარჩენები მხოლოდ კვირაში ერთხელ გააქვთ.
დასუფთავების სამსახური არ პრეტენზიას არ იღებს და არც ურნების დამატებას აპირებს. გამოცემა „ქუთაისი პოსტს“ ამ სამსახურში უთხრეს, რომ არ უნდათ ქუთაისი „ურნების ქალაქს“ დაემსგავსოს.
ვრცლად: Kutaisipost.ge
ნინოწმინდაში ახლა დაიწყეს ცენტრალური ქუჩების მოასფალტება
დაახლოებით ათი დღეა საქართველოს ყველაზე ცივ და მკაცრზამთრიან მხარეში ცენტრალური გზების შეკეთება დაიწყეს. უფრო ზუსტად, ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები. ორი ქუჩის მოასფალტებაში 613 698 ლარს დახარჯავენ.
რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მოასწრებენ თუ არა წელს სამუშაოების დასრულებას, ამინდზეა დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, სამუშოები მომავალ წელს გადავიდეს.
ვრცლად: Nor.ge
სიღნაღში ახალ სპორტულ მოედანს აშენებენ
კახეთში, სიღნაღში, სადაც ამ კვირაში ტრაილერმა ისტორიული თაღი ჩამოანგრია. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ მოედანს აშენებენ. ამ სამუშაოებში 460 ათასი ლარი დაიხარჯება.
გამოცემა „სპექტრი“ წერს, რომ სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ვრცლად: Speqtri.ge
რა ხდება საქართველოს რეგიონებში