"ქართული ოცნება" ჰეპი მილის წინააღმდეგ. - "მაკდონალდსს" ლგბტქ+ პროპაგანდაში ადანაშაულებენ
ქართული ოცნება მაკდონალდსის წინააღმდეგ
საქართველოს მმართველი პარტია მაკდონალდსს დაუპირისპირდა – “ქართული ოცნება” კომპანიას ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებს.
ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მაკდონალდსის რესტორნბებში საბავშვო მენიუს Happy Meal-ს მოჰყვება – ბროშურა, რომელიც მოგვითხრობს ბრიტანელი მუსიკოსის ელტონ ჯონის შესახებ. ბროშურაში მოხსენიებულია ელტონ ჯონის ქორწინება დევიდ ფერნიშთან და ასევე ნახსენებია რომ მათ ჰყავთ შვილები.
აღნიშნული ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა პროსახელისუფლებო ვებ-გვერდებზე. ამის შესახე კომენტარები გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმა.
“საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეების ამოცანაა დაპირისპირებების ახალ-ახალი კერების შექმნა. ძალიან სამწუხაროა, თუკი „მაკდონალდსი“ ამ ბრძოლაშია ჩართული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ “ამ თემასთან პატარა ასაკიდან შეგუება, მომავალი თაობისთვის დამაზიანებელია”.
„არ სჭირდება ბავშვს 2, 3, 7 და 10 წლის ასაკში ლგბტ უფლებების დაცვის სწავლა – რაც არის ამ თემის შემოპარება და ამიტომ არის ამაზრზენი… ამ ქვეყანაში ეს ამბავი არ გავა: წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში გავიდეს ლგბტ პროპაგანდა და ეს მათ თავისუფლად შეძლონ. ისინი არიან ერთ მხარეს და ჩვენ ვართ სხვა მხარეს, საქართველოა სხვა მხარეს. ამ ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფალი იძლებული, ვალდებული იქნება გამიჯნოს უფლებების დაცვა პროპაგანდისგან, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი მომავალი თაობისთვის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აღნიშნული თემა აქტიურად განიხილებოდა ასევე ახლადშექმნილი პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ კომპანია “მაკდონალდსის” მფლობელს, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიმართა:
“თემურ.. ეგ სისაძაგლე მოაშორე მაგ ქსელიდან, თორემ სადაც მიხვალ, დაგასხამთ თავზე მაგ შენს „კოკა-კოლას“. მოაშორე მაგ ქსელიდან ეს სისაძაგლე. ვისაც როგორ უნდა, ზრდასრულმა ადამიანმა ისე იცხოვროს, არ გვაინტერესებს, ჩემი საქმე არ არის, ჩვენს შვილებს დაანებეთ თავი“.
● კომპანია “მაკდონალდსისა” და ხელისუფლების ურთიერთობა საქართველოში დიდი ხანია დაძაბულია. ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც საქართველოში “მაკდონალდსის” და კოლა-კოლას მფლობელია, წლებია ღიად აკრიტიკებს ხელისუფლებას პრორუსული ორიენტაციისა და ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას და ასევე ის ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო დამკვეთია ოპოზიციური არხებისთვის.
● გაზაფხულზე ხელისუფლებამ “მაკდონალდსი” მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც რესტორანმა ქალაქში დაკიდა ბანერები სადაც ეწერა, რომ „დღეს საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს“. სკანდალის შემდეგ კომპანიამ ბანერები მოიხსნა.
● ლგბ-ის თემა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იხსენიება ქართველი ჩინოვნიკების განცხადებებში. ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.
მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს, რომლებსაც მას რუსული რუბლები შეაყარეს, “ორიენტაციაარეულები” უწოდა.
ასევე, ახალი პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მოძრაობა, კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გეგმავს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა საქართველოში არასრულწლოვანთა შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს.