ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ, ანტი LGBTQ კონსერვატორთა კონფერენციაზე ერთ-ერთი სპიკერი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატორთა კონფერენციაზე
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ, ანტი LGBTQ კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორისაა. ინფორმაცია სპიკერების შესახებ ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.
კონფერენციას, რომელიც 4-5 მაისს არის დაგეგმილი, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანიც დაესწრება და ორგანიზატორთა თქმით, მას მთავარი სიტყვით გამოსვლა ექნება.
“მას სჯერა, რომ საქართველო ქრისტიანობაზე დაფუძნებული ღირებულებების კონსერვატიული საზოგადოებაა. ღარიბაშვილს სჯერა, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულები არიან პატივი სცენ უმრავლესობის სურვილს და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, დემონსტრაციულ LGBTQ ზეწოლას”, – წერია განცხადებაში.

● სახელმწიფო დეპარტამენტი: 5 ივლისის საქმეზე არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა
● როგორ იბრძვის ლგბტქ თემი საკუთარი უფლებებისთვის საქართველოში და რას მიაღწია?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
Associated Press-ის ცნობით, ამერიკული კონსერვატორთა კონფერენცია ევროპაში მეორედ გაიმართება და წელს მისი დევიზი იქნება “ერთად ძლიერები ვართ”. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, კონფერენცია ფოკუსირებული იქნება “ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე”.
როგორც გამოცემა იანვარში წერდა, როცა უნგრეთი მემარჯვენე პოპულისტური მთავრობის გამო ევროპაში დიდწილად იზოლირებულია, ისინი თანამოაზრე მოძრაობებს ქვეყნის გარეთ ეძებენ.
“ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის” ორგანიზებული “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია” (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს.
ევროკავშირის ყველაზე პრორუსულ და პოპულისტურ მთავრობად მიჩნეული უნგრეთის ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა ერთმანეთის პოლიტიკის მიმართ სიმპათიებს არ მალავენ. 2022 წლის ოქტომბერში, ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს უწოდა “დიდებული პოლიტიკოსი იმ მცირეთა შორის”, რომელიც “დაბრუნდა”, საქართველოს პრემიერმა კი აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ უნგრეთისგან ბევრი მაგალითი გადმოიღო და მათი წარმატებული რეფორმები გაიზიარა.