პროკურატურამ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა
დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა.
საზღვრის უკანონოდ კვეთისას მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმდა კიდევ ერთ დაკავებულს, ელგუჯა ცომაიას, ხოლო გიორგი ნარიმანიძეს, რომელიც ექსპრეზიდენტის საქმეზე გუშინ დააკავეს, ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინეს. უკვე პატიმრობაში იმყოფებიან მამა-შვილი წოწორიებიც, მათ ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებათ.
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
● ევროპარლამენტარები და ყოფილი პრეზიდენტები – ვინ აწერს ხელს სააკაშვილის მხარდამჭერ წერილს
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით “ვილნიუსი”. სწორედ ამ გემიდან, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით.
ფოთის პორტის ტერიტორიაზე ელგუჯა ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის იმ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.
პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოიკითხა 69 ადამიანი, შესწავლილ იქნა 112-ის და კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეო ჩანაწერი, ჩატარდა ჩხრეკები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უკვე 20-ე დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია. გუშინ მასთან იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ სააკაშვილის სურვილი იქნება, ის გადაყვანილი იქნება კლინიკა “ვივამედში.”
დღეს კი მესამე პრეზიდენტი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე დათანხმდა.
“სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორად დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაასაჯაროვა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის მე-12 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.