პროცედურების დარღვევა და კოორდინატორების მობილიზება - ISFED-ის პირველი შეფასება
გაზიარება
გაზიარება
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანია არჩევნები” (ISFED) რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება, პირველ შეფასებას ავრცელებს. მათი ცნობით, უბნების თითქმის ერთი მეოთხედი 08:00 საათზე კენჭისყრის დასაწყებად მზად არ იყო, რაც 2017 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუარესებაა.
ასევე, ორგანიზაციის დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა, ცალკეულ უბნებზე მათ პროცესის დაკვირვების უფლება შეეზღუდათ.
ISFED წერს, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის მანძილზე შეიმჩნევა სააგიტაციო მასალები. ცალკეულ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წილისყრის პროცედურების დარღვევას.
საქართველოში საარჩევნო კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. მთელი ამ დროის განმავლობაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიების რეკლამა და აგიტაცია.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.