პოლონეთის სეიმის რეზოლუცია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ
პოლონეთის სეიმის რეზოლუცია
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტი სეიმის სხდომაზე პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ წარადგინა. ის საქართველოში ორჯერ იმყოფებდა და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცა.
როგორც დეპუტატებმა განმარტეს, არსებობს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დრამატული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას ადასტურებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ექიმის რეკომენდაციით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება დაუყოვნებლივი სპეციალიზებული მკურნალობა, რაც შეუძლებელია საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო.
პოლონელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან წვლილს ქართველების პროევროპული განწყობების ფორმირებაში, რისი შედეგიც გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა.
როგორც რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მზად არის, დაბრუნდეს ქვეყანაში და წარდგეს სასამართლოს წინაშე.
„პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელონ ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უმაღლესი ღირებულებაა და მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სპეციალიზებული მკურნალობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მეგობართა საერთაშორისო თანამეგობრობას სოლიდარობისკენ და მტკიცე ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
● იქნება თუ არა “მაგნიტსკის აქტის” ანალოგი სააკაშვილზე? ნაციონალურმა მოძრაობამ სიაზე მუშაობა დაასრულა
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
29 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დაკითხეს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა “ვივამედში” გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.
“ეს მეტალები ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებენ და მათ კავშირი აქვთ პაციენტის დაავადებასთან. ჩემი აზრით, სააკაშვილის პირველი ინტოქსიკაცია მარტში მოხდა, ვიდრე მას ვივამედში გადაიყვანდნენ და მოგვიანებით, ამ მძიმე მეტალებმა სხვადასხვა ორგანო დააზიანა. მას სიმპტომები მაშინ ჰქონდა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ანუ, ვთვლი, რომ მძიმე მეტალებით დაზიანება მანამდე, ანუ ციხეში მიიღო. ვვარაუდობ, რომ ამ ტოქსიკური აგენტების დოზა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ 5 თვის გასვლის შემდეგაც კი კონცენტრაცია ნორმაზე მაღლა აღმოჩნდა. ანუ მას ტოქსიკური კონცენტრაცია ჰქონდა”. – ამბობს სმიტი.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი, თამარ აბაშიძეც დაკითხეს. ექიმის თქმით, ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.