პოლიტიკური სიმპატია თუ ბიზნესინტერესი - რატომ სწირავენ “ოცნებას” თანხებს RMG GOLD-ის თანამშრომლები
“ქართულ ოცნებას” 2020 წელს 240-მა ადამიანმა 4.7 მლნ ლარზე მეტი თანხა შესწირა. “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) კვლევამ აჩვენა, რომ შემომწირველები ხშირად ერთი და იგივე კომპანიის თანამშრომლები არიან. მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც კომპანიებში მაღალი თანამდებობები არ უკავიათ და კომპანიებსა და მათ შორის კავშირის მოძიება ჭირს. IDFI-ში აცხადებენ, რომ კომპანიების რიგითი თანამშრომლების მხრიდან მმართველის პარტიისთვის თანხების შეწირვა საქართველოში აპრობირებული მეთოდია: თანხას, როგორც წესი, კომპანია იხდის, რიგით თანამშრომლებს კი კომპანიის ტოპმენეჯმენტი კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს – კანონი პოლიტიკური პარტიისთვის 120 000 ლარზე მეტი თანხის შეწირვას კრძალავს.
ასობით ათასი ლარი “ქართულ ოცნებას” RMG GOLD-ისგან
ასე მაგალითად, მმართველ პარტიას საყდრისში, ოქროს საბადოზე მომუშავე კომპანია RMG GOLD-ის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა წელს 800 000-ზე მეტი თანხა შესწირა. შემწირველებს შორის იყვენენ როგორც ტოპმენეჯმენტში, ისე საშუალო მენეჯმენტში დასაქმებული თანამშრომლები.
- ყვარლის ედემმა “ოცნებისთვის” 65 000 ლარის შეწირვიდან რამდენიმე დღეში 277 300-ლარიანი კონტრაქტი მიიღო
- 16 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვლის ნათესავისთვის – TI შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს
კომპანიის შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები პარტიას დიდ თანხებს სწირავდნენ.
საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულმა ადამიანებმა კი მმართველი პარტია 5, 10 ან 7 ათას ლარით დააფინანსეს.
IDFI მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, რომ RMG GOLD-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერებით დაინტერესდეს.