POLITICO-ს ყოველწლიური რეიტინგი: "ამრევების" სიაში ივანიშვილი მერვე ადგილს იკავებს
POLITICO ივანიშვილზე
გავლენიანი ამერიკული გამოცემა POLITICO ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის თითქმის სრულ სიას აქვეყნებს, სადაც ე.წ. ამერევების სიაში საქართველოს არაფორმალური მმართველი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მერვე ადგილს იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანია.
კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პიროვნების დასახელების გარდა, სია მოიცავს სამ სხვადასხვა კატეგორიას – აღმასრულებლები (doers – აღმასრულებელი ძალაუფლების მქონენი), ამრევები (disrupters – ადამიანები, რომლებიც ვითარებას უარესობისკენ მოულოდნელად ცვლიან) და მეოცნებეები (dreamers – ისინი, ვინც დებატების უკან მდგომი იდეის ავტორები არიან). ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ადამიანები, POLITICO-ს თანახმად, წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას.
რას წერს POLITICO ბიძინა ივანიშვილზე
POLITICO ივანიშვილის ოლიგარქად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა. გამოცემის თანახმად, თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დაუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა, რათა თავი შავი ზღვის ნაპირთან მდებარე დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებისთვის მიეძღვნა.
“მაგრამ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) საყოველთაოდ ცნობილია, რომ მის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიას, “ქართული ოცნებას” კულისებიდან მართავს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში ჩაგდებაა”. – აღნიშნავს გამოცემა.
როგორც POLITICO წერს, სიღარიბეში დაბადებულმა ივანიშვილმა, რომელიც საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, 1990-იან წლებში “საბანკო საქმეებში, ლითონებში, უძრავ ქონებაში, ფარმაცევტულ წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში ასტრონომიული სიდიდის ქონება დააგროვა”.
● ვინ არის ოლიგარქი საქართველოში?
● ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა – Bloomberg
● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
მათი განმარტებით, ივანიშვილი მცირე ხნით ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა. თუმცა გადადგომის შემდეგაც კი, კონტროლის სადავეები მის ხელში იყო – ივანიშვილი არც ანგარიშვალდებული იყო და მას არც არავინ აკონტროლებდა რაიმე დემოკრატიული მექანიზმით.
“გასულ წელს საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, მოხსნა აკრძალვა რუსი დამსვენებლების პირდაპირი ფრენებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში და საკუთარი პრეზიდენტის უიღბლო იმპიჩმენტიც კი წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მისი მეგობრულო მოგზაურობების გამო”. – წერს გამოცემა.
გარდა ამისა, POLITICO-ს თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილი, დიდწილად, პასუხისმგებელია საქართველოს მიერ პრომოსკოვური გეზის აღებაზე. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მათი მარიონეტების მიერ, “ქვეყანა გადაიქცა რუსეთში სანქციების დამრღვევ, პარალელური ექსპორტის საკვანძო კერად.”
ამავდროულად, როგორც გამოცემა წერს, ანალიტიკოსების აზრით, თბილისი უკან იხევს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის თვალსაზრისით – იმ დროს, როდესაც ბრიუსელში საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების საკითხი განიხილება.
ამის პარალელურად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველების დიდი ნაწილი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
“საკითხავია, დაუშვებს თუ არა ამას ივანიშვილი?” – წერს POLITICO.
● “ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის” – პრეზიდენტი ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
ირაკლი კობახიძე: “იხდი ფულს და შეგაქვს შინაარსი ნებისმიერ სტატიაში”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ გავლენიანი ადამიანების სიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “იხდი ფულს და შეგაქვს შინაარსი ნებისმიერ სტატიაში.”
“ერთი სიტყვით ვუპასუხებ: არის სამარცხვინო. ასეთი შეკვეთილი სტატიები რომ იწერება, ვხედავთ ხოლმე ამერიკის შემთხვევაში, FARA-ს საიტის მეშვეობით. ამერიკული კანონია, ვიგებთ ხოლმე, რომ ასეთი სტატიები იწერება ფულის სანაცვლოდ.
მარტივად მუშაობს ასეთი სქემები, მათ შორის ევროპულ მედიაში – იხდი ფულს და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში. მარტივია, ასეთი რაღაცების ფულით დალაგება, მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ სამარცხვინო, რაზე გავაკეთო კომენტარი.
ვიღაც რომ ფულს გადაიხდის რომელიღაც გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არანაირი ფასი არ აქვს – ფასი აქვს ფაქტებს. – აცხადებს კობახიძე.