"არა მილიციას" - საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა
პოლიციელმა ბავშვს სცემა მეტროში
დღეს თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და თელავში აქციები ერთდროულად გაიმართა. აქციების ორგანიზატორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.”
პროტესტის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ერთეული პოლიციელების დაკავება საერთო ფონს ვერ შეცვლის და საჭიროა სისტემური ცვლილებები.
მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია 24 იანვარს მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს თავში მუშტს და ქაჩავს თმას. ისმის მსხვერპლის ტირილი და ასევე მისი მეგობრის ხმა, რომელიც ეუბნება პოლიციელებს, რომ მისი მეგობარი ყრუ-მუნჯია და ფიზიკურად არ შეუძლია პოლიციელების კითხვებს უპასუხოს.
ამაზე პოლიციელი პასუხობს – “ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!” და აგრძელებს დაკავებულის ცემას. როგორც გამოძიებამ გამოარკვია, შემთხვევა 23 იანვარს ისნის მეტროში საღამოს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში მოხდა.
მსხვერპლი 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ბიჭია, რომელიც ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროში. პატრულის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა პოლიციისთვის ოთახში და იქ სცემა. ამ ფაქტს ესწრებოდა მეორე პოლიციელიც.
მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციელი, რომელმაც მეტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანს სცემა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით: “ნუ ძალადობ”, “მწამებელი სისტემა”, “არა მილიციას.”
აქციაზე ასევე მრავლად იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ზუგდიდში, მოქალაქეებს ტროტუარზე წარწერის გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
● როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი
● 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა
● ექვსი რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
საქართველოში პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნებზე განხორციელებული ზეწოლის ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თავი მოიკლა.
ამ საქმეზე დააკავეს და არასრულწლოვანზე ზეწოლაში დამნაშავედ სცნეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც შემდეგ დროზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.