დააკავეს პოლიციელი, რომელმაც მეტროში სმენადაქვეითებულ ბავშვს სცემა
პოლიციელმა ბავშვი ცემა მეტროში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციელი, რომელმაც მეტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს სცემა.
შემთხვევა ისნის რაონში, მეტროში მოხდა. შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი – მსხვერპლის მეგობარი, რომელმაც ძალადობის ფაქტი ტელეფონით გადაიღო.
ვიდეოკადრები “TV პირველმა” გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს თავში მუშტს და ქაჩავს თმას. ისმის მსხვერპლის ტირილი და ასევე მისი მეგობრის ხმა, რომელიც ეუბნება პოლიციელებს, რომ მისი ბავშვი ყრუ-მუნჯია და ფიზიკურად არ შეუძლია პოლიციელების კითხვებს უპასუხოს.
● როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი
● 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა
● რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში – რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან
● ექვსი რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს
ამაზე პოლიციელი პასუხობს “ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!” და აგრძელებს დაკავებულის ცემას.
როგორც გამოძიებამ გამოარკვია, შემთხვევა 23 იანვარს ისნის მეტროში საღამოს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში მოხდა.
მსხვერპლი 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობი მქონე არასრულწლოვანი ბიჭია, რომელიც ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროში.
პატრულის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა პოლიციისთვის ოთახში და იქ სცემა. ამ ფაქტს ესწრებოდა მეორე პოლიციელიც.
“აღნიშნულ ოთახში საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვან რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა მის გამეტებით ცემას.
ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის თქმით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.
დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხოლო მისი კოლეგა, რომელიც ფაქტს შეესწრო, წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
_________________________________________
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნებზე განხორციელებული ზეწოლის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თავი მოიკლა. საქმეზე დააკავეს და არასრულწლოვანზე ზეწოლაში დამნაშავედ სცნეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც შემდეგ დროზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.
____________
პოლიციელმა ბავშვი ცემა მეტროში