"საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით": პენიტენციური სააკაშვილის კადრებს ავრცელებს
პენიტენციური სააკაშვილის კადრებს ავრცელებს
საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. უწყების თქმით, კადრების გავრცელების მიზანი “საზოგადოების ობიექტური ინფორმირებაა.” მათივე ცნობით, გავრცელებული მასალა ბოლო თვეებშია გადაღებული, მათ შორის უკანასკნელი ვიდეო 9 თებერვლით თარიღდება.
სამსახურის თქმით, “გარკვეული მედიასაშუალებები”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ “არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად” ავრცელებენ კადრებს, რომელთა მიხედვითაც, მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული “ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.“
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამ კადრებში, “ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.”
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისაგან“ – წერია განცხადებაში.
● უკრაინის საგარეო უწყება: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება
● იქნება თუ არა “მაგნიტსკის აქტის” ანალოგი სააკაშვილზე? ნაციონალურმა მოძრაობამ სიაზე მუშაობა დაასრულა
● სააკაშვილის წერილი WSJ-ში: დასავლეთს შეუძლია გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ასევე, პარტია იწყებს ქუჩის აქციებს და აქციებს მმართველი პარტიის წევრების სახლებთან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განაჩენზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან იგი კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული. მისივე განმარტებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ქართველ “ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი.”