კომენტარი: FARA არასამთავრობო სექტორს საერთოდ არ გვეხება, ხოლო თუ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს იქნება "ივანიშვილის ფარა“
“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) თავმჯდომარის, ნინო დოლიძის თქმით, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილისთვის სამოქალაქო საზოგადოება ქვეყანაში წარმოადგენს პრობლემას და ისინი ყველანაირად ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისკენ გადაიდგას სხვადასხვა ნაბიჯი. ამის შესახებ მან “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, თუკი ქართული კანონმდებლობა [ამერიკული “ფარას“ ქართული ვერსია] ისევე კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში, ის ქართულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საერთოდ არ შეეხება, ხოლო, თუკი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს, მაშინ ეს არა ამერიკული, არამედ “ივანიშვილის „ფარა“ იქნება.
გარდა ამისა, მან მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელსაც ე.წ. რუსული კანონის გაუქმების თაობაზე მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გამოაქვს. მისი აზრით, ეს პარტიის გადაწყვეტილებაა და არა მიხეილ ყაველაშვილის.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, FARA-ს გონივრული განმარტებით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის რეგულირების მიღმა უნდა დარჩნენ, ამის საწინააღმდეგოდ კი, “ქართული ოცნება” კანონს მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.

ნინო დოლიძე: “აშშ-ში ეს კანონმდებლობა არ გამოიყენება დამოუკიდებელი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელიც თავისი საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე ფუნქციონირებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოში ეს კანონმდებლობა ჩვენ არ გვეხება, არც „სამართლიან არჩევნებს“ და არც სხვა არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციებს. ჩვენი წესდება ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობას და საქართველოში სხვადასხვა თემაზე მუშაობას.
ჩვენი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს არ გვეხება. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ისინი ამას იღებენ, რადგან სხვა კანონმა არ იმუშავა. მათი მიზანი ნათელია – მათ ეს სურთ ქართული არასამთავრობო, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ, ჩვენ მარტივად ვამბობთ, თუკი ეს კანონმდებლობა კეთილსინდისიერად აღსრულდება, როგორც აშშ-ში, ის საერთოდ არ გვეხება ჩვენ და არც გვაწუხებს. ხოლო, თუკი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, მაშინ ეს აღარ არის ამერიკული და ნამდვილად არის ივანიშვილის „ფარა“
ცხადია, ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ და კანონმდებლობის გამო, რომელიც ჩვენ არ გვეხება, საკუთარ თავს არ შევიზღუდავთ და არ გავაჩერებთ ჩვენს მუშაობას. თუკი ისინი შეგვახებენ იმ კანონს, რომელიც არ გვეხება, ეს ნიშნავს, რომ ისინი გადაუხვევენ რეალურად, იმ გზას, რა გზაც არის ამ კანონმდებლობით.
ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი კანონმდებლობა გამოიყენონ სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, იქნება ეს „ფარა“ თუ ა.შ. ჩვენ არანაირად არ გვეშინია არც ამ და არც სხვა კანონმდებლობის, რადგან ჩვენს საქმიანობას კეთილსინდისიერად ვახორციელებთ
თუკი არ გვეხება და იმის გამო გვაპატიმრებენ, ეს არის მაშინ ამ კანონმდებლობის პოლიტიკური ნიშნით აღსრულება. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ არა მხოლოდ ამ კანონმდებლობით, არამედ ჩვენ გვყავს 50-მდე უკანონო პატიმარი ისედაც.”