საქართველოს სააპელაციო სასამართლომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. სააპელაციომ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.
ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
2022 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
გასულ წელს მან 100 ათას ლარიანი (32 ათას დოლარამდე) გირაო გადაიხადა იმისთვის, რომ სამდღიანი პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების საკნიდან გამოეშვათ. თუმცა სასამართლომ ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ერთი წლის წინ ყვითელ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში დოროყაშვილი ჰყვებოდა, რომ ქორწინების შემდეგ უარი თქვა სამოდელო კარიერაზე და საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. ის ამას იმით ხსნიდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული კარიერისთვის ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო.
დოროყაშვილი ახლა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მასზე სისტემატურად ძალადობდა.
იგივე უთხრა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმაც. ანა თავხელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლისგან განგრძობადი ძალადობის მსხვერპლი იყო და საქმეში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინციდენტზე არ არის საუბარი. თავხელიძის თქმით, ძალადობა ხდებოდა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ადგილას.
ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება მისცა. მათ შორის, ერთ-ერთ სხდომაზე მან ვიდეომტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს.
ჩოგბურთელი სასამართლო პროცესებს დისტანციურად ესწრებოდა. 5 ოქტომბერს ის სასამართლოში მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლიდა. 20 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ბასილაშვილმა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი დახურულ სხდომაზე მიმდინარეობდა.