რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი: ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ
გაზიარება
გაზიარება
ნარიშკინი საქართველოზე
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, ბაქოში მყოფმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ “ქართველი ხალხი სწორ არჩევანს” გააკეთებს.
“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ არსებობს სამართლიანი და ღია არჩევნების პირობები და ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას.
ამ ქმედების მიზანია, უხეშად და საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, ხელი შეუშალოს ჯანსაღი, ეროვნულზე ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში კვლავ გამარჯვებას.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი აირჩევს… გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს.” – თქვა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.
ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგებიც, მისი თქმით, “აბსოლუტურად შეესაბამება აზერბაიჯანელი ხალხის მისწრაფებებს” და ეუთოს წარმომადგენლები “ეცადნენ, რომ ამაში ეჭვი შეეტანათ”.
მანამდე, 12 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაიმეორა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) მეშვეობით საქართველოს არჩევნებში „ჩარევას“ გეგმავს, და ოდირი არჩევნების წინ სიტუაციის “დაძაბვაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ზოგჯერ რუსეთი “მეგობარი ქვეყნების თხოვნით ოდირის მისიებში რუს დამკვირვებლებს აგზავნის“,
ზახაროვას თქმით, თუ დასავლეთს არჩევნების შედეგები არ მოეწონება, “ბიუროს დასკვნა შესაძლოა პროტესტისა და შედეგების გასაჩივრების საბაბი გახდეს, რაც მორიგ ‘ფერად რევოლუციას’ გამოიწვევს“.