"ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას პასუხობს ხელისუფლება
გაზიარება
გაზიარება
“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, აუცილებელია საქართველოში ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
მელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგია ასეთია:
მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში. ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ.
უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია. აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ “რუსული ოცნების” პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, რომ მათი მხრიდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.”
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თქმით, 100 ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოხატა თავისი ნება, რომ არ დათმობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს:
“ქართულ ოცნებას ზურგი შეაქცია საკუთარმა ამომრჩეველმაც. მათი მხარდაჭერა ბოლო პერიოდში შემცირდა ერთი მესამედით, მათ საკუთარ ამომრჩეველშიც კი დაკარგეს ლეგიტიმაცია. ამ მხრივ რადიკალურადაა შეცვლილი ვითარება და ნორმალურ სახელმწიფოში ესეც კი კმარა ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.”
როგორც მელია განმარტავს, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროატლანტიკურ სივრცეში, საქართველო უნდა იყოს ამბიციური სახელმწიფო, “რომელშიც ბრუნდებიან და არა მირბიან” და სწორედ ამისთვის არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.
“ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად და ვადამდელი არჩევნებით შევქმნათ ახალი რეალობა.” – განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს სეზონის მიხედვით ითხოვს, მაგრამ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
“თავისთავად, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. უკვე, სიმართლე გითხრათ, სერიოზულიც აღარ არის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ჩვენთან არჩევნები ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, შიგადაშიგ, სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე, მაგრამ ყოველ ჯერზე, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთ ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ და ამ მოთხოვნას არ აქვს. ერთადერთი, რასაც ისინი აღწევენ ამით, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზდებიან, მეტად ხედავს საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება მათ სახეს.” – ამბობს პაპუაშვილი.
დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, “პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად, “ნაციონალური მოძრაობა”.
“საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ.” – აღნიშნა კალაძემ.