ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მაღალი რისკის გამო 25 აპრილს ჩაიკეტა, დღეიდან, პირველი ივლისიდან გაიხსნა.
1-ელი ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 795 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
მუშევანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში იქ covid-19-ით დაავადების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დღემდე მუშევანი ერთადერთი სოფელი იყო, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ისევ მოქმედებდა.
ამჟამად საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში კარანტინი აღარ მოქმედებს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1-ელი აგვისტოდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.