მოსაზრება ერევნიდან: რატომ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში ახლა
პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდერიანი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღში, სომხურ-აზერბაიჯანული ძალების კონტაქტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებისთვის წინასწარ ემზადებოდა:
„ასეთი მასშტაბის აქცია არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. თანაც, სტეპანაკერტი პირველად იბომბება უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში. ასევე, ამაზე მეტყველებს იქ თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის ჟურნალისტების ყოფნა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე წუთებიდანვე მუშაობენ. როგორ განვითარდება მოვლენები და რა რეაგირებას მოახდენს სომხეთის ხელისუფლება, დამოკიდებულია ესკალაციის მასშტაბებზე“.
კითხვაზე, რას ნიშნავს ეს, რატომ დაიწყო სწორედ ახლა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები, ალექსანდრ ისკანდერიანი პასუხობს:
„არცახში ვითარების ესკალაცია აიხსნება აზერბაიჯანის ხელისუფლების რევანშისტული განწყობებით, ცოტა ხნის წინანდელი მარცხის გამო – მიმდინარე წლის ივლისში. აზერბაიჯანის ხელისუფლება თავს ფრუსტრირებულად გრძნობს და გარკვეულწილად, ვა-ბანკზე წავიდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად არის არა მხოლოდ ირაციონალური, არამედ ემოციურიც. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანი – სპეციფიკური რეჟიმის, რთული ქვეყანაა. და აზერბაიჯანული ელიტის რიგებში სერიოზული პრობლემებია, რომლებიც კარგად ჩანდა ბოლო მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე“.