მიხეილ სააკაშვილის პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო. რა მოხდა სასამართლოზე
მიხეილ სააკაშვილის პროცესი
საქართველოს მესამე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 10:00 საათზე ჩანიშნა.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩაერთო. მას სურდა, რომ სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა. “უკრაინის მოქალაქე ვარ”. – ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მას მოუწოდა, ქართულად ესაუბრა. საბოლოოდ, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა, ხოლო პროცესი მის გარეშე დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ამის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი სიტყვით გამოვა, მის მიმართვას თარჯიმანი თარგმნის. მანამდე, პენიტენციურმა სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა, მის ქმედებებში “სიმულაციის ნიშნების” დასადგენად სააკაშვილს ექსპერტიზა ჩატარებოდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ასევე, სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილს მოუწოდა, აეწია მაისური, რათა საზოგადოებას მისი მდგომარეობა ენახა. მოსამართლემ სააკაშვილს მიმართა, რომ სურვილის შემთხვევაში წამომდგარიყო, ხოლო თუ მაისურის გახდას დაიწყებდა, პირდაპირ ჩართვას გათიშავდნენ.
პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი, რომლის მისი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დემენციის სიმპტომები და “სწრაფად პროგრესირებადი დემენცია” აქვს.
ექსპერტის მტკიცებით, როგორც ყველა დემენციის პაციენტს, ექსპრეზიდენტს აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აღენიშნება. ასევე, მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა.
“წინაზე მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია, აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს, მოუვლელია, ფრჩხილები აქვს დასაჭრელი, ეს არის დემენციის სიმპტომები. ის ასევე ავლენს სისუსტეს. სკამიდან ადგომა უჭირს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა, აქვს დაკარგული მგრძნობელობა, ის გრძნობს მკლავებსა და ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებს” – განმარტა გოლდსმიტმა.
მოწმე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა და პოსტტრავმული აშლილობა აქვს.
“ეს ის დაწესებულებაა, რომელიც მან დააარსა პრეზიდენტობისას. მას სხვა პატიმრები ემუქრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლები და ზედამხედველები არ იყვნენ ახლოს მზადყოფნაში მის დასახმარებლად. მას არ შეეძლო დაძინება, რადგან პატიმრები სულ უყვიროდნენ. მას ეშინოდა სიცოცხლის მოსპობის.” – მბობს ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი.
გოლდსმიტი ხაზს უსვამს, რომ, არ შეიძლება ამ დიაგნოზის მქონე პატიმარი ციხეში იყოს. მოწმე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი დასავლურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ.
● ზელენსკი საქართველოს მოუწოდებს სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. თბილისის რეაქცია
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
ამჟამად უკრაინის მოქლაქე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში პატიმრობაში იმყოფება. საქართველოში ის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი თბილისში დააკავეს.
2018 წელს სააკაშვილი სისხლის სამართლის ორ საქმეზე გაასამართლეს (სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე) და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
პარალელურად მის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – 2007 წლის ნოემბრის აქციის დარბევა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა, ე.წ. პიჯაკების საქმე, რაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას გულისხმობს და ასევე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა (ეს ბოლო საქმე მის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ 2021 წელს აღძრა. გამოძიების თანახმად, სააკაშვილი უკრაინიდან ფოთის პორტში ფარულად, გემით ჩამოვიდა. იგი რძის პროდუქტებით სავსე ტრაილერში იმალებოდა).
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რის გამოც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის ოქტომბერში, შიმშილობა დაიწყო. ექს-პრეზიდენტმა 50 დღე იშიმშილა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია მისი ჯანმრთელობა.
2022 წლის 12 მაისს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, კლინიკაში ყოფნის პერიოდში ის კიდევ უფრო დამძიმდა. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს ამ ხნის განმავლობაში ნახულობენ, ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად და თვალშისაცემად უარესდება.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები მიუთითებენ, რომ სააკაშვილმა ვივამედში ყოფნის დროს 40 კილოგრამზე მეტი დაკარგა და ეს პროცესი გრძელდება. აქვს დაუდგენელი ეტიმოლოგიის ცხელება, ანორექსია, კახექსია, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
2 დეკემბერს ამერიკელმა პროფესორმა, ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა გაასაჯაროვა 2022 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტი მძიმე მეტალებითაა მოწამლული. სმიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.
მანამდე, 1 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა “ემპათიამ”. ამ დოკუმენტში წერია, რომ დაპატიმრების მომენტისთვის სააკაშვილი “პრაქტიკულად ჯანმრთელი” იყო, დღეს კი, იგი სიკვდილის საფრთხის წინაშეა.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ეს კადრები ასახავს სხვადასხვა პერიოდში “პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას”. კადრების დიდი ნაწილი ოქტომბერშია გადაღებული და ჩანს პალატაში მწოლიარე სააკაშვილი, რომელსაც რამდენჯერმე აქვს ნერვული შეტევა. ამ კადრების გასაჯაროებით “ქართული ოცნება” ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ სააკაშვილი სიმულიანტობს და მას ფსიქიკური და არა ფიზიოლოგიური პრობლემები აქვს. ბოლო კადრი დეკემბრით თარიღდება, აქ სააკაშვილი არის გამხდარი და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.