მეთერთმეტე გარდაცვლილი სომხეთში და ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა
10 აპრილის დილას, სომხეთში, კორონავირუსით გარდაცვალების მეთერთმეტე შემთხვევა დარეგისტრირდა. პაციენტი 72 წლის იყო.
„პაციენტს ჰქონდა კორონავირუსი, დადასტურებული ორმხრივი პნევმონიით. ამას გარდა, მამაკაცს ჰქონდა თანმდევი ქრონიკული დაავადებები – მომატებული არტერიული წნევა და პროსტატის ადენომა“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, ალინა ნიკოგოსიანმა.
10 აპრილის დილით, ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 937-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა – 149, სტაციონარში რჩება – 777 ადამიანი. ჩატარებულმა 5 160-მა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში, თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი
ეპიდემია და საგანგებო მდგომარეობა ერევანში, როგორ გამოიყურება ეს. ვიდეო