კომენტარი: MEGOBARI აქტის სანქციები მძიმე დარტყმა იქნება რეჟიმისთვის
MEGOBARI აქტის სანქციები
აშშ-ის მხრიდან სანქციების სახით, ბევრად უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე, ეს იქნება მასიური და შესაბამისად, ბევრად უფრო მძიმედ გადასატანი „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ გადაცემაში “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მხარდაჭერას გამოეხმაურა.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, MEGOBARI აქტი მძიმე დარტყმა იქნება ოცნების რეჟიმისთვის, ხოლო გამარჯვება საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის და პროტესტისთვის რუსთაველზე.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ბოლო ეტაპი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.

გიორგი რუხაძე: “ნამდვილად ვხედავ შავ ღრუბელს. ეს ღრუბლები “ქართული ოცნების“ თავზე იკრიბებიან. სწორია შეფასებები, რომ შეერთებულ შტატების მხრიდან სანქციების სახით ბევრად უფრო დიდი წნეხი იქნება ივანიშვილის რეჟიმზე. სანქციები მასიური და სანქციების პოლიტიკა ინსტიტუციური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც MEGOBARI აქტი საბოლოო სახეს მიიღებს, როდესაც სენატიც მიიღებს, როდესაც შეჯერდება საერთო ვარიანტი და შემდეგ, ტრამპი მოაწერს ხელს, ის უკვე გახდება კანონი. ამის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და სახელმწიფო დეპარტამენტსაც უჩნდება ვალდებულება, გარკვეული პერიოდულობით შეამოწმოს ქართული რეალობა.
პირველი, რა ხდება დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიმართულებით და შესაბამისად, ის ადამიანები დაასანქციროს. მეორე, რა ხდება რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და ასევე, მათი გავლენების ზრდის კონტექსტში რა ხდება. თუ ვინმე ამ პროცესს რაიმე ფორმით ეხმარება, ის ადამიანები დაასანქცირონ.
ძალიან მარტივი გასაგებია, ვინ უშლის ხელს დემოკრატიას საქართველოში – ივანიშვილის რეჟიმი. შესაბამისად, დიდი გამოსაძიებელი არაფერი იქნება. მეორე მხრივ, ივანიშვილის რეჟიმი რომ რუსეთისა და კრემლის ქართული განყოფილებაა, ყველასთვის უცხადესია. ვინ მეგობრობს ჩინეთთან და ირანთან, ესეც გასაგებია. საბოლოოდ, ეს მძიმე დარტყმა იქნება ოცნების რეჟიმისთვის, ეს იქნება გამარჯვება საქართველოს დემოკრატიული ძალებისთვის და პროტესტისთვის რუსთაველზე. დანარჩენი, “ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ისინი ამ ყველაფერს საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამენ.
ამ შემთხვევაში [სანქციების] მასშტაბი იქნება განსხვავებული. სანქციები შეეხება “ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანს” – ჩემი გადმოსახედიდან, ისინი დაბალჩინოსნები არიან. ამასთან, შეეხება მათი ოჯახის წევრებს. ეს იქნება ფინანსური სანქციები.
გომელაური რომ ავიღოთ, წარმოიდგინეთ, მას ბანკებში ანგარიშები აღარ აქვს, ბიზნესს ვეღარ აწარმოებს, ტორტის ყიდვაც კი შეიძლება გაუჭირდეს, რადგან გამოდის, რომ ეს არის სანქცირებულ ადამიანთან თანამშრომლობა. მისგან მუმიაა დარჩენილი. ბოლოს როდის ნახეთ გომელაური? ეს ადამიანი დაკარგულია.
“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართავ, დაახლოებით „გომელაურები“ გახდებიან, იმ განსხვავებით, რომ ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ გაასწრო და ამას არ შეეხება ეს ყველაფერი – მასაც შეეხება. ეს იქნება მასიური და შესაბამისად, ბევრად უფრო მძიმედ გადასატანი „ქართული ოცნებისთვის“. ეს იქნება ცხოვრების გაჩერება ამ ადამიანებისათვის.
არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცალკე აღებული სანქციები, რა გინდ მწვავე და მასშტაბურიც არ უნდა იყოს, თავისთავად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს. ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი, რომ ავტორიტარული რეჟიმები სანქციების შედეგად უკან არ იხევენ. ამის მაგალითია, რუსეთი, ბელარუსი, ვენესუელა და კიდევ სხვა. სანქციები მხოლოდ დამხმარე მექანიზმია იმისათვის, რომ საზოგადოებამ უფრო აქტიურად გააგრძელოს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი უფრო მძიმე წნეხში იყოს. ცალკე აღებული სანქციები რეჟიმს ვერ შეცვლის.”