„Meydan TV-ის საქმეზე“ კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს. ნურლან გახრამანლი (ლიბრე) ამ საქმესთან დაკავშირებული მეცხრე დაპატიმრებულია.
21 თებერვალს ბაქოს ხათაის რაიონულმა სასამართლომ ნურლან გახრამანლი – „Portagal Media“-ს დამფუძნებელი, რომელიც წინა დღეს დააკავეს – 1.5 თვით წინასწარ პატიმრობაში გაამწესა.
ცნობილია, რომ ჟურნალისტი „Meydan TV-ის“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს და მას კონტრაბანდის ბრალი წაუყენეს.
გახრამანლის ოჯახი იუწყება, რომ სასამართლო პროცესი ადვოკატის გარეშე გაიმართა.
დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ნურლან გახრამანლიმ განაცხადა, რომ დაკავებას ელოდა, თუმცა მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული და რაიმე უკანონო ქმედებას არ ჩადიოდა.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, 20 თებერვალს, ბაქოდან სუმგაითში გადაყვანილი ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
გახრამანლი წარსულშიც არაერთხელ დაუკავებიათ და ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მანამდე ის აცხადებდა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 2023 წლის 21 სექტემბერს, 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ბრალდება კი აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 388-1.1.1 მუხლით (ინტერნეტში ან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში აკრძალული ინფორმაციის განთავსება ან მისი გავრცელებისთვის ხელის არშეშლა) წარუდგინეს.
2024 წლის 6 დეკემბერს „Meydan TV-ის საქმეზე“ დააკვეს მედიის ხუთი თანამშრომელი – აინურ ელგიუნეში (გამბაროვა), ნათიგ ჯავადლი, ხაიალა აღაევა, აისელ უმუდოვა, აიტაჯ თაფდიგი (აჰმედოვა), დამოუკიდებელი ჟურნალისტი რამინ დეკო (ჯაბრაილზადე) და ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლის დირექტორის მოადგილე ულვი ტახიროვი.
ორ დღეში მათ ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად).
6 თებერვალს, ამავე საქმის ფარგლებში, „Arqument.az“-ის ხელმძღვანელი შამშად აღაევი 2 თვით და 1 დღით წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს.
ამჟამად აზერბაიჯანში „Abzas Media“-ს, „Toplum TV“-სა და „Meydan TV-ის“ საქმეებზე 25-ზე მეტი ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში.