მამუკა მამულაშვილი რუსეთის თავდაცვის უწყებას პასუხობს: უკრაინაში ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი ცოცხალია
მამუკა მამულაშვილი ქართულ ლეგიონზე
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხა, რომელთა მტკიცებით, 21 აპრილს რუსული არმიის დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა. ქართველი მეთაურის თქმით, უკრაინაში ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი ცოცხალია და გავრცელებული ცნობა რუსული დეზინფორმაციაა.
ქართული ლეგიონი არის უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან და პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს და ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
ქართული ლეგიონი, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს.
“იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მიმართულებით ისკანდერი არაერთხელ უსვრიათ, ეს არის, როგორც სჩვევიათ, ისევ ინფორმაციის რუსული ფალსიფიკაცია. ქართული ლეგიონის ყველა მებრძოლი ცოცხალია და თავს ძალიან კარგად გრძნობს […] რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პირველადი მიზანი არის ქართული ლეგიონი და ეს იმას უფრო ჰგავს, თავის ჯარისკაცებს აძლევენ მოტივაციას, რომ ქართული ლეგიონის ნაწილი გაანადგურეს. ეს ჩვეულებრივად არის ინფორმაციის ფალსიფიკაცია.” – ამბობს მამულაშვილი.
ქართული ლეგიონს მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით გასულ დღეებში არაფერი დაუწერია. უკრაინიდან ქართველ მოხალისეთა დაღუპვის შესახებ არც ახალი ინფორმაცია გავრცელებულა.
● ჰოთ-დოგების გაყიდვიდან ბახმუტთან ბრძოლებამდე – პუტინის “მზარეულის”, ვინ არის ევგენი პრიგოჟინი
● “ახალი დონის აბსურდი” – რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რას ნიშნავს ეს
● “რატომ არ გესმით ხალხის მოთხოვნა? მათ უნდათ ევროპა და არა რუსეთი” – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება და მას კრიტიკულად უყურებენ თავად რუსეთის ულტრანაციონალისტურ და ომის მხარდამჭერ წრეებშიც.
მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა გასულ თვეებში განაცხადა, რომ უკრაინულ “ლაბორატორიებში ავითარებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლითაც ისინი ადამიანებს გარეული ფრინველებისა და ქვეწარმავლების მეშვეობით აინფიცირებენ”.
იანვრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ჩაატარეს “ოპერაცია შურისძიება”, რომელსაც 600-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. შემდეგში, ჟურნალისტების ინფორმაციით გაირკვა, რომ სინამდვილეში რაკეტა მიზანს საერთოდ ასცდა. კონაშენკოვსვე ეკუთვნის მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსებმა HIMARS-ის სისტემები და მისი რაკეტები გაანადგურეს.