მაფიის ბოსი, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ნარკოტიკებისა და იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს
თურქეთში გრძელდება სკანდალი ადგილობრივი მაფიის ხელმძღვანელის გარშემო, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენჯერმე გამოვიდა სკანდალური პოლიტიკური განცხადებით. გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, მაგრამ ის ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.
ვინ არის მაფიოზი სედათ ფექერი, რაში ადანაშაულებს ის თურქეთის ხელისუფლებას და რატომ იქცა პრობლემად პრეზიდენტ ერდოღანისა და მისი მინისტრებისთვის?
ცნობილი, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი და ამჟამად გაურკვეველ ადგილას, თურქეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სედათ ფექერი უკვე თვეზე მეტია, ყოველ კვირა დღეს ავრცელებს ვიდეოს თავის Youtube-არხზე, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ადევნებს თვალს.
თავის ვიდეომიმართვებში ის ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, ავტორიტეტული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების კორუფციული გარიგებების შესახებ. „რეპორტაჟებში“ ფექერი საუბრობს მსხვილ ფინანსურ მაქინაციებზე, მათ შორის, ვენესუელის გავლით ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სირიაში იარაღის უკანონო მიწოდებაზე.
- თურქეთმა დატოვა სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალებს ძალადობისგან იცავდა
- „ბოდიში, ერდოღანმა ყირიმი არ აღიარა“. რატომ შეწყვიტა რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა
დაკავებულია თუ არა სედათ ფექერი?
„ეთერში გასვლის“ შემდეგ პირველად, გასულ შაბათ-კვირას, ფექერმა ახალი ვიდეოთი არ მიმართა სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს. 13 ივნისს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის გაერთიანებულ საამიროებში თავის სახლში დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც თურქეთის ეროვნულმა დაზვერვამ თავის ყატარელ კოლეგებთან ერთად ჩაატარა.
თუმცა, მალე, სედათ ფექერის ადვოკატმა, ოზლემ გიურსესმა ეს ინფორმაცია უარყო. მაგრამ ჯერჯერობით კვლავინდებურად უცნობია, სად იმყოფება ის და რატომ არ დადო სოციალურ ქსელში ახალი, დაპირებული ვიდეომიმართვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და „ტროლების ფაბრიკა“
საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი განცხადება, რომელიც სედათ ფექერმა გააკეთა, თურქეთის მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს ეხება.
თავის ერთ-ერთ ვიდეოში, მაფიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სოილუს მამასთან 30 წელზე მეტია მეგობრობს და მოქმედ მინისტრს, კარიერის პირველი ნაბიჯებისას მხარს უჭერდა. და როდესაც სოილუ მინისტრი გახდა, მაფიოზების მფარველობა დაიწყო, ანუ, თავისი გაგებით, სიკეთეს მადლობით უპასუხა.
თავის მიმართვას ფექერი იწყებს სიტყვებით: „სულეიმან სოილუ, გახსოვს, როგორ მაცნობე, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა და გაფრთხილებას დამპირდი, თუკი საქმე სახიფათო სახეს მიიღებდა? და ჩემთვის პოლიციის დაცვის უზრუნველყოფა მოახდინე?“.
შემდეგ ფექერი ჰყვება, როგორც უჭერდა მინისტრს მხარს სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც „ბოტების“ ანგარიშები შექმნა და კამპანია დაიწყო საინფორმაციო რესურსებში, რომელსაც ის აკონტროლებს.
„გახსოვს, ის შენი მხარდამჭერი 1 მილიონ 300 ათასი ტვიტი? ეს ყველა ჩანაწერი შენახულია“, – ამბობს სედათ ფექერი.
საუბარია კრიზისულ სიტუაციაზე, რომელშიც მინისტრი 2020 წლის აპრილში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, თურქეთის 30 მსხვილ ქალაქში, 48 საათის განმავლობაში, ქუჩებში გამოსვლა აკრძალეს.
ეს მოულოდნელად გაკეთდა, შეზღუდვების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. შედეგად, ამ ქალაქებში ადამიანების ჯგუფები ფაქტობრივად თავს დაესხნენ მაღაზიებს, სადაც დეფიციტი წარმოიქმნა. სოციალურ ქსელებში, ასობით ათასმა ადამიანმა ამ ისტორიაში შს მინისტრი სულეიმან სოილუ დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა.
და ამ დროს, სოციალური ქსელების 1 მილიონ 300 ათასმა მომხმარებელმა მხარი დაუჭირა სოილუს. ის მაინც გადადგა, მაგრამ ორი საათის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იღებდა მინისტრის გადადგომას. ფექერი თავის ვიდეოში სწორედ იმ მოვლენებზე საუბრობდა.
ამ მტკიცებების გახმაურების შემდეგ, სოილუმ თავის ოპონენტს სოციალურ ქსელში უპასუხა: „მივმართე პროკურატურას მტკიცებებისა და ცრუ ბრალდებების გამოძიების მოთხოვნით, რათა ყველაფერი გაირკვეს. მჯერა სამართლიანი სასამართლოსი. შენც არ დაიმალო, როგორც ლაბორატორიის თაგვი, ჩამოდი საკუთარ ქვეყანაში და ჩაბარდი მართლმსაჯულებას“.
ყოფილი პრემიერის ვაჟიშვილი და კოკაინის მარშრუტები
თავის კიდევ ერთ სკანდალურ მტკიცებაში, სედათ ფექერი საუბრობს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (АКР) თავმჯდომარის მოადგილის, ბინალი ილდირიმის ვაჟიშვილზე.
ფექერი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში, კოკაინით ვაჭრობის ცენტრმა კოლუმბიიდან ვენესუელაში გადაინაცვლა და „ბინალი ილდირიმის ვაჟიშვილი – ერქამ ილდირიმი ნარკოტიკების ახალი მარშრუტის შექმნის მიზნით, მიმდინარე წლის დასაწყისში, ვენესუელაში იმყოფებოდა“.
2020 წლის დეკემბერში, ერქამ ილდირიმი მართლაც წერდა სოციალურ ქსელებში ვენესუელაში ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ვიზიტი ჰუმანიტარულ საკითხებს უკავშირდებოდა. იგივე განაცხადა ბრალდებების საპასუხოდ თურქეთის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა: „მან იქ ჩაიტანა კორონავირუსის დასადგენი ტესტები, ნიღბები და სხვა აუცილებელი საშუალებები, რომლის დიდი საჭიროებაც იყო შექმნილი“.
როგორც სოილუმ, ბინალი ილდირიმმაც პროკურატურას მიმართა სედათ ფექერის მტკიცებულებების საკითხზე. მათ განცხადებებზე სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება მაფიის ხელმძღვანელის დაკავების შესახებ და მასზე ინტერპოლის საშუალებით ძებნა გამოაცხადა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოძებნის ფექერს, სადაც არ უნდა იყოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა თავისი გუნდის წევრებს და სედათ ფექერის განცხადებებს თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი გარე ძალების მაკომპრომეტირებელი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი უწოდა.
„ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს საშინელი ოპერაციები წარუმატებლად დასრულდება. ჩვენ ვდევნით დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრებს, სადაც არ უნდა იყვნენ, მთელ მსოფლიოში. უკან არ დავიხევთ, სანამ მათ ქვეყანაში არ ჩამოვიყვანთ და მართლმსაჯულების სისტემას არ გადავცემთ“, – განაცხადა ერდოღანმა,
„ყველაფერს მოვყვები“ – მაფიოზმა ერდოღანს მიმართა
სედათ ფექერს ერდოღანის ამ განცხადებამდე, არცერთხელ არ უხსენებია ის თავის მიმართვებში. მაგრამ ახლა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც პირდაპირ პრეზიდენტს მიმართავს.
„შეცვლის თუ არა ჭეშმარიტებას ის, რომ მე ქვეყანაში ჩამომიყვან, ჩემო ძმაო, თაიფ? თუკი მე ჯაშუში ვარ, ამიერიდან ჩემს ვიდეოებში ვილაპარაკებ, როდის გავიცანით ერთმანეთი, როდის ვხვდებოდით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნათქვამს სიცრუის დეტექტორზეც შეამოწმებენ. თუკი რაიმე ისე არ აღმოჩნდება, როგორც მე ვამბობ – თავში ტყვიას დავიხლი“, – განაცხადა ფექერმა.
სირიაში იარაღის მიწოდების შესახებ
იმავე ვიდეოში ფექერი მოჰყვა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ მის კოლონებს შეიარაღებული დაჯგუფება „ალ-ნუსრასთვის“ იარაღის მიწოდების დროს, სირიელი თურქებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების სახით.
„… იყო სხვა მანქანებიც, რომლებიც ჩემი სახელით მიდიოდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ისინი თურქების დასახმარებლად მიდიოდა. და ჩვენ არ ვიცოდით, რა იყო ავტომობილებში. ნუ, მე ასე ვამბობ, რომ არ ვიცით. მაგრამ იქ იარაღი იყო, ჩვენ ხომ ასეთი გულუბრყვილოები არ ვართ. მე მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ ისინი ჩემი სახელით მიდიოდა. რეგისტრაციის გარეშე, ყველანაირი შემოწმების გარეშე“, – მოჰყვა ფექერი.
მაფიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სირიაში ვაჭრობის მსურველებმა ეს პირადად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მეთინ ქირათლისთან უნდა შეათანხმონ:
„არ ვლაპარაკობ ერთ-ორი სატვირთოთი ვაჭრობაზე. მხედველობაში მაქვს დიდი მოცულობები. კონტრაბანდული ნავთობი, ჩაი, შაქარი, ალუმინი, თაფლი, მეორადი ავტომობილები. ეს მილიარდობით დოლარია“.
ერდოღანმა ფექერის სიტყვებზე რეაგირება აკრძალა
10 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის, AKP-ის თავმჯდომარემ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფუნქციონერებს ფექერის განცხადებებზე პასუხის გაცემა აუკრძალა, რადგან „ამან შესაძლოა განხილვები არასასურველი მიმართულებით წაიყვანოს“.
ასევე, ერდოღანმა პარლამენტს აუკრძალა რაიმე სახის გამოძიების დაწყება მაფიის ხელმძღვანელის განცხადებების საფუძველზე.
ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ფექერის განცხადებებს ენდობა
ვიდეომხილებების გამოქვეყნების დაწყებიდან, სედათ ფექერის Youtube-არხის გამომწერების რაოდენობა 400 ათასიდან 1.1 მილიონამდე გაიზარდა. თავად ვიდეოები კი უკვე 100 მილიონზე მეტჯერ ნახეს.
MetroPOLL-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 48.3 პროცენტს ფექერის განცხადებები მართალი ან დიდწილად მართალი ჰგონია. გამოკითხულთა 18 პროცენტს სიმართლე ჰგონია მისი განცხადებების მცირე ნაწილი, გამოკითხულთა 22.5 პროცენტი კი არ ენდობა ამ ბრალდებებს.
კითხვაზე, „გჯერათ თუ არა, რომ მაფიოზური ჯგუფების პატრონაჟს ვინმე ახორციელებს?“, გამოკითხულთა 61,2%-მა დადებითი პასუხი გასცა, ამგვარი ფაქტის ალბათობის წინააღმდეგი იყო რესპონდენტთა 22,6%.