ლიეტუვამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო: არ გადაუხვიოთ ევროინტეგრაციის გზიდან
ლიეტუვამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ლიეტუვის სეიმმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვიოს, ხოლო ხელისუფლებამ თავი შეიკავოს “ნებისმიერი საკამათო ინიციატივებისგან”, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ამ მიზანს.
სეიმმა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია 114 ხმით – ერთხმად მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტი ძალიან აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მოუწოდებს მას არ გადაუხვიოს ამ გზიდან.
“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ყოველგვარი წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას”. – წერია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია რუსული კანონპროექტიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მას შემდეგ გაიწვია, რაც ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში.
სეიმში ზახზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მსჯავრდადებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რეზოლუციაში ასევე საუბარია მთავარი არხის დამფუძნებელზე ნიკა გვარამიაზე და მის გათავისუფლებაზე.
● მაგნიტსკის აქტის ავტორი: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის უკან ვლადიმირ პუტინი დგას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
● “ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი პრობლემის სახელი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა – ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
კონსილიუმი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის, ანუ პაციენტთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულია –
გამოხატულია მძიმე სარკოპენია, პაციენტს დაკლებული აქვს კიდევ 5,7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე, გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
კლინიკა “ვივამედში” ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა თავადაც არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათი თქმით, პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება “ლაკმუსის ტესტი” საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.