2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლევან კობერიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. ის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.
კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის მაისში დატოვა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული და დამტკიცებული კანონი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს, კრიტერიუმებს და პროცედურებს განსაზღვრავს.
2020 წლის ივნისში კობერიძემ ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.
პარლამენტის 120 წევრი არჩეული იქნება პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატი – მაჟორიტარული ოლქებიდან.
პროპორციული სიით დეპუტატის გაყვანისთვის, პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში ხმების 1% უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო ბლოკმა იმდენი 1%, რამდენი პარტიაც არის მასში გაწევრიანებული. მაგალითად, თუ საარჩევნო ბლოკში სამი პარტიაა გაერთიანებული, მაშინ მან პარლამენტში დეპუტატების გაყვანისთვის სულ მცირე ამომრჩეველთა ხმების 3% უნდა მიიღოს.
დანარჩენ 30 ადგილს კი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები შეავსებენ.