მოსკოვში საქართველოსთან ფულადი გადახდების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა განიხილეს
ლარზე და რუბლზე გადასვლის იდეა
მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა, რომლის პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, რათა, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო აცხადებს, “რუბლიც და ლარიც გადახდის საშუალებები გახდეს და ფინანსური ოპერაციები ხორციელდებოდეს შუამავლების გარეშე.“
პადალკოს თქმით, ვინც რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის მშენებლობის საკითხშია ჩართული, “მისხალი ეჭვი არ ეპარება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული.“ ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.
● ევროპულმა სასამართლომ ე.წ. ბორდერიზაციის საქმეზე რუსეთს ევროპული კონვენციის დარღვევები დაუდგინდა
● “ჩვენ ძალიან მძიმე ფაზაში შევდივართ” – ანალიტიკოსები ო’ბრაიენის ვიზიტს აფასებენ
● კანონი მიღებულია. რა იქნება შემდეგ – პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დეტალური განმარტებები
რუსმა ჩინოვნიკმა გაიხსენა, რომ გასული წლის მაისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა და აღდგა საჰაერო მიმოსვლა.
“ზოგ შემთხვევაში ერთი კონცერტით შეიძლება გადაიფურცლოს ის მძიმე ფურცელი, რომელიც მრავალწლიანი დიპლომატიური გზებით ვერ გადაიფურცლა.” – ამბობს პადალკო.
მან ასევე ახსენა სავაჭრო-ლოგისტიკურ სფეროში „დიდი ამბიციები“, სადაც ლაპარაკია საავტომობილო გადაზიდვების გაფართოებაზე, მათ შორის შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ასევე – „სარკინიგზო შეტყობინების აღდგენაზე“ (მანამდე საუბარი იყო ინგუშეთის გავლით ახალი მაგისტრალის მშენებლობაზე).