დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 745 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7-დღიანი ტესტირების შედეგად, ეს მაჩვენებელი 0.66 პროცენტია.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 655 966 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 638 372 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 821.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, 2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებშია სავალდებულო.
“გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.