"ქვეყნის არევა უნდათ", "ემპათია ნაცმოძრაობასთანაა კავშირში" - კობახიძე სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას ეხმაურება
კობახიძე სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას ეხმაურება
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ორგანიზაცია ნაცმოძრაობასთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე “სანდოობა არის ნული”. ასევე, მისი განმარტებით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას სთხოვენ, რათა “ქვეყანა არიონ.”
პირველ დეკემბერს ცენტრმა “ემპათია” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, სააკაშვილს ოცზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი აქვს – მათგან, დაახლოებით ათი პატიმრობასთან შეუთავსებელია.
“ემპათიაში” აცხადებენ, რომ ძირითადი დიაგნოზები არ საჯაროვდება. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი – ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.
მათივე ცნობით, სააკაშვილს აქვს დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს “დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც”.
“რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის განთავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად.”– ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი და ეს ყველაფერი წარმოუდგენელია:
“მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი.”
● მედია, პოლიტიკური დევნა, სააკაშვილი და სხვა – ევროპარლამენტმა საქართველოზე კომპრომისული რეზოლუცია მიიღო
● “სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო” – მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა PEACE-ს ისტორიულ რეზოლუციას
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი პროცესი დაიწყო (ე.წ. საზღვრის კვეთის საქმე – სააკაშვილის საქართველოში გასულ ოქტომბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შედეგად შემოვიდა). პროცესზე თავად სააკაშვილიც უნდა მიეყვანათ, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ექს-პრეზიდენტმა სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადადო.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა “ამ დონეზეა დაზიანებული”, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებითაც, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამძიმებული. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.